მადრიდის რეალის ყოფილმა ფეხბურთელებმა ჟოზე მოურინიოს მწვრთნელობის პერიოდში გასახდელში მომხდარი სკანდალური ეპიზოდი გაიხსენეს, როდესაც მედიაში შემადგენლობის შესახებ ინფორმაცია ჟონავდა.
იკერ კასილასი: „ის უბრალოდ გაგიჟდა. შემოვიდა, ყველაფერი გვაკადრა, თავზე ყველაფერი გადაგვაყარა. თქვა, რომ შექმნილ სიტუაციაში ბრალი ჩვენ მიგვიძღვოდა. ზუსტად არ მახსოვს, ბოთლს წიხლი ჰკრა თუ არა, მაგრამ თავისი კაბინეტის კარი კი ისეთი ბრახუნით დახურა, რომ ყველაფერი აზანზარდა“.
მარსელო: „საოცარი, მონუმენტური რისხვა დაგვატყდა თავს. ასეთია ჟოზე - თავდაუზოგავად შრომობდა, რათა საუკეთესო გზით მოგვეგო, ამ დროს კი ინფორმაცია, რომელიც მხოლოდ ჩვენ ვიცოდით, გარეთ ჟონავდა“.
რიკარდო კარვალიო: „ეს ძალიან დიდი კლუბია... გასახდელში წარმოქმნილი ნებისმიერი მცირე პრობლემაც კი მეორე დღეს გაზეთებში გიგანტურ სკანდალად იქცეოდა ხოლმე. ჟოზეს უყვარს, როცა ყველაფერს აკონტროლებს, ამიტომ ეს მისთვის ძალიან მძიმე გადასაიტანი იყო“.