-
Aa
+
ფონტის ზომა
ბარსელონამ ბოლო წლების ერთ-ერთი უდიდესი ტრანსფერი დახურა - კატალონიურმა კლუბმა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი, ოქროს ბურთის მფლობელი როდრი ერნანდესი დაიმატა. ესპანეთში დომინაციის მიუხედავად, ბარსას ევროპაში ასპარეზობა უჭირს და ეს უკვე თერთმეტი წელია გრძელდება. სიტუაციის გამოსწორება კატალონიურმა კლუბმა უამრავი ძვირადღირებული შენაძენით სცადა, თუმცა სასურველ შედეგს ვერ მიაღწია. ბარსელონას წარუმატებელ ტრანსფერებზე საუბარი შორს წაგვიყვანს - დღევანდელ ბლოგში კატალონიელთა ბოლო ჩემპიონთალიგური ტიტულის შემდეგ განხორციელებულ იშვიათ კარგ ტრანსფერებზე მოგიყვებით.
10. ინიგო მარტინესი
ბასკი ცენტრალური მხველის ბარსელონური კარიერა ხანმოკლე გამოდგა - უფასოდ მოსულმა მარტინესმა კატალონიურ კლუბში ორი სეზონი გაატარა, მაგრამ ბლაუგრანას გულშემატკივართა გულებში სამუდამოდ დარჩა. ინიგომ 2024/25 წლების სეზონში პაუ კუბარსისთან ერთად ბრწყინვალე დავცის დუეტი ჩამოაყალიბა და გულშემატკივარს არაერთი ბრწყინვალე პერფორმანსით დაამახსოვრა თავი. როგორც შემდეგ გაირკვა, ბასკს საკუთარი სურვილით ჩაუდია კონტრაქტში პუნქტი, რომლის მიხედვითაც არაბული შემოთავაზების შემთხვევაში, კლუბს ის არ უნდა დაეკავებინა და თავისუფალი აგენტის სტატუსით გაეშვა - 34 წლის მცველი ალ ნასრს შეუერთდა.
9. ერიკ გარსია
ბარსელონას აღზრდილი უნივერსალი ჩავიმ მანჩესტერ სიტიდან უფასოდ დაიბრუნა - მიუხედავად იმისა, რომ გარსია შეუცდომელი ფეხბურთელი არაა, მსოფლიო ჩემპიონი დღემდე ბლაუგრანას გამოსადეგ ერთგულ ჯარისკაცად რჩება.
8. დანი ოლმო
ბარსამ ესპანეთის ნაკრების უმნიშვნელოვანესი წევრის ტრანსფერისთვის ბევრი რამ გააკეთა და საბოლოოდ ლაიფციგიდან 61 მილიონ ევროდ გადმოიბირა - მართალია ჯერ ოლმოს თავისი სრული პოტენციალი არ გამოუვლენია და ამის მიზეზი ტრავმებიც იყო, თუმცა ბლაუგრანას ქომაგისთვის როდრისთან და პედრისთან ერთად მომავალი საიმედოდ მოსჩანს.
7. პიერ-ემერიკ ობამეიანგი
ბარსას გასაჭირის ჟამს არსენალიდან უფასოდ მოსული გაბონელი კატალონიელთათვის ნამდვილი ხსნა აღმოჩნდა - ნახევარ სეზონში ობამეიანგმა ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურით 13 გოლი გაიტანა და ჩელსის 12 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.
6. ჟულ კუნდე
ბარსელონამ ფრანგი უნივერსალისთვის ბრძოლა ლონდონის ჩელსის მოუგო და კუნდე ხელში 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ ჩაიგდო. მიუხედავად იმისა, რომ ფრანგი სევილიაში უმეტესწილად ცენტრალურ მცველად თამაშობდა, ლურჯ-ბროწეულისფერ მაისურში მას დაცვის მარჯვენა ფლანგზე ვხედავთ და საკმაოდ წარმატებითაც.
5. ჟოან გარსია
თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე ბარსამ ხელში სულ რაღაც 25 მილიონ ევროდ ჩაიგდო - ესპანიოლიდან არსენალში არ წასული გარსია ერთი წლის შემდეგ ბარსელონას შეუერთდა და ბრწყინვალე სეზონიც ჩაატარა. 25 წლის ესპანელმა ლა ლიგის საუკეთესო მეკარის ჯილდოც მოიპოვა.
4. რობერტ ლევანდოვსკი
ობამეიანგის წასვლის შემდეგ ჩავიმ სრული აქცენტი ბაიერნის სუპერვარსკვლავზე გააკეთა - თავის მხრივ პოლონელის სურვილიც მხოლოდ ბარსელონაში თამაში იყო და არაერთ კლუბს უთხრა უარი, მათ შორის ჩელსისა და მანჩესტერ იუნაიტედს. ლევანდოვსკიმ არც მიუნხენურ გრანდში დარჩენა ისურვა და კატალონიაში ტრანსფერისთვის ყველაფერი გააკეთა, რითაც ბაიერნის გულშემატკივრის დიდი ნაწილის წყენაც დაიმასხურა. 2022 წლის ზაფხულში ბლაუგრანამ პოლონელის ტრანსფერი 45 მილიონ ევროდ დახურა. ლურჯ-ბროწეულისფერ მაისურში ჩატარებულ 193 შეხვედრაში ლევამ 120 გოლი გაიტანა და 24 საგოლე გადაცემა შეასრულა. მოიგო 3 ლა ლიგა, ერთი ესპანეთის თასი და 3 სუპერთასი. 2022/23 წლებში გახდა ლა ლიგის ბომბარდირი 23 გოლით.
3. რაფინია
ლიდსიდან ბარსელონაში 58 მილიონის სანაცვლოდ გადმობარგებული რაფინიას ტრანსფერს ბევრი კრიტიკულად შეხვდა, კრიტიკამ მას შემდეგ იმატა, რაც ბრაზილიელი პირველი ორი სეზონის განმავლობაში მასზე გაცემულ ავანსებს ნამდვილად ვერ ამართლებდა. სიტუაცია ჰანსი ფლიკის მოსვლის შემდეგ შეიცვალა - ბრაზილიელი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ჩამოყალიბდა და ბარსას კაპიტნობაც დაიმსახურა. ბრაზილიელმა ბარსას რიგებში ჩატარებულ 177 მატჩში 75 გოლსა 59 საგოლე გადაცემას მოუყარა თავი.
2. პედრი
გულშემატკივრებს ხშირად პედრიც ლა მასიას აღზრდილი ჰგონიათ, თუმცა ეს ასე არ არის - 17 წლის გონსალესი ბარსელონამ 2020 წელს ლას პალმასიდან 23 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიმატა. პედრი მალევე გახდა ბლაუგრანას უცვლელი წევრი - 23 წლის მსოფლიო ჩემპიონს ხშირად აქვს არასტაბილური პერიოდები - რაც როგორც ტრავმების, ასევე ცუდი სათამაშო ფორმის ბრალიც არის ხოლმე. გუნდში როდრის მოსვლის შემდეგ ბარსელონას გულშემატკივრები იმედოვნებენ, რომ პედრი სრულად გამოავლენს თავის პოტენციალს და უფრო ხშირად აჩვენებს იმ დონის ფეხბურთს, რომელსაც ესპანელი 2024/25 წლების სეზონის განმავლობაში გვთავაზობდა.
1. როდრი
მართალია ჯერ როდრის ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურით ერთი მატჩიც არ ჩაუტარებია, მაგრამ როდესაც გუნდი თავისი სისტემის იდეალურად მომრგებ ფეხბურთელს ყიდულობს, რომელიც ერთი თვის წინ მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, ორი წლის წინ კი ოქროს ბურთი აქვს მოგებული, ნამდვილად შეგვიძლია ამ სიაში პირველ ადგილზე გავიყვანოთ.
როდრი წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ინდივიდუალური ჯილდოებით დამშვენებულ ფეხბურთელად - ესპანელის სატიტულო კაბინეტში უამრავ უმაღლეს საკლუბო თუ სანაკრებო ტიტულთან ერთად იხილავთ ისეთ ჯილდოებს, როგორებიცაა: ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, ჩემპიონთა ლიგის ფინალის საუკეთესო ფეხბურთელი, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი, უეფას ერთა ლიგის ფინალური ეტაპის საუკეთესო ფეხბურთელი, ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი, მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი და რა თქმა უნდა, ოქროს ბურთის მფლობელი - მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი.
ბონუსების გარეშე ბარსელონას 30 წლის ესპანელის ტრანსფერი 60 მილიონი ევრო დაუჯდა - ბონუსების ჩათვლით ფასი შესაძლოა 74 მილიონ ევრომდე გაიზარდოს.
წაიკითხეთ ვრცლად: მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველი ბარსაში? - ის ვინც ფლიკის გუნდს ყველაზე მეტად სჭირდება

ნიკოლოზ კვარაცხელია
კომენტარები