3 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ, ასტონ ვილას სპორტულმა დირექტორმა მონჩიმ და საფეხბურთო ოპერაციების დირექტორმა დამიან ვიდაგანიმ ჟურნალისტებთან აღიარეს, რომ კლუბი ამ ზაფხულს პრემიერ ლიგისგან დიდი სანქციების ზღვარზე იყო.
სიტუაცია დედლაინამდე რამდენიმე საათით ადრე ნახევარმცველი დუგლას ლუისის გაყიდვამ გადაარჩინა.
მაისში ვილა ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას ზეიმობდა, მაგრამ კლუბის ბოსების ფიქრები სხვაგან იყო: როგორ ეშოვნათ 30 ივნისამდე (წინა სააღრიცხვო პერიოდის დასასრული) თანხა, რათა პრემიერ ლიგის შემოსავლისა და მდგრადობის (PSR) წესები არ დაერღვიათ. ყველაზე ცუდი სცენარის შემთხვევაში, გუნდს ცხრილში 10 ქულის დაკლება ემუქრებოდა.
„ყველა ხარობდა და ლიგაზე გასვლას ზეიმობდა, მაგრამ მე და მონჩი წვეულებაზეც კი იმაზე ვფიქრობდით, როგორ აგვერიდებინა თავიდან ქულების დაკლება, რომელიც საოცარ სეზონს ჩაგვიშხამებდა. ეს იყო უკუთვლაზე დაყენებული ნაღმი, ჩვენ კი სწორი კაბელი უნდა გადაგვეჭრა. შემიძლია ვთქვა, რომ სიტუაცია ბოლო წამზე გადავარჩინეთ." - ციტირებს ვიდაგანის სიტყვებს The Athletic.
„უნდა იცოდეთ, რომ ამ სატრანსფერო ფანჯრის დროს ჩვენ ორი დედლაინი გვქონდა. პირველი - 30 ივნისამდე ფინანსური ფეირ-პლეის წესების დაცვის უზრუნველყოფა უნდა მოგვეხდინა, შემდეგ კი - გუნდი ჩემპიონთა ლიგისათვის მაქსიმალურად მოგვემზადებინა. ივნისის ბოლო შვიდი დღე - ყველაზე ცუდი იყო, იმიტომ რომ ამ დროს ჩვენზე უდიდესი ზეწოლა მოდიოდა." - დაამატა მონჩიმ.
ფინანსების დალაგების პროცესში, ვილამ სანქციებისგან დატანჯულ ევერტონში 21 წლის ტიმ იროეგბუნამი გაუშვა [ამაში 9 მილიონი ფუნტი მიიღო] სანაცვლოდ კი იქიდან ლუის დობინი წამოიყვანა. შემდეგ, იგივე გაცვლა მოხდა ჩელსისთანაც: ლონდონელებს იუნიორი ომარი კელიმენი მისცეს [ამაში 19 მილიონი მიიღეს]. თავად კი ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი, იან მაატსენი დაიმატეს.
უნაი ემერი ეძებდა მცველს, რომელსაც შეტევაში შეეძლო გუნდის დახმარება და სასიამოვნოს და საჭიროს შეთავსებაც მოხერხდა. როგორც იცით, საკუთარი აღზრდილების გაყიდვას კლუბისთვის მეტი სარგებელი მოაქვს და ამის მიზეზი ამორტიზაციაა: ყველანაირი ხარჯი, რომელსაც კლუბი იღებს, ფეხბურთელის მრავალმილიონიან კონტრაქტზე იშლება. მაგალითად, თუ ფეხბურთელი 100 მილიონი ევრო დაჯდა და 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, წლიურ ფინანსურ აღრიცხვაში ეს ტრანსფერი 20 მილიონ ევროდ იქნება აღრიცხული. თუმცა, აქვს ამას უარყოფითი ეფექტიც: მოქმედი კონტრაქტის ამოწურვამდე რაც უფრო ადრე ყიდის კლუბი თავის ფეხბურთელს, მით უფრო მცირე თანხის ჩაწერაა შესაძლებელი ფინანსურ აღრიცხვაში.
სწორედ ამიტომ მიიღო განსაკუთრებული ელფერი ბოლო წლებში საკუთარი აღზრდილების გაყიდვამ. მათში თანხა არავის გადაუხდია, ამიტომ გაყიდვის შემოსავალი პირდაპირ სუფთა მოგებაში ითვლება. იდეალური გამოსავალია კლუბებისთვის, რომლებსაც დიდი ხარჯები აქვთ დასაფარი და ფინანსურ ფეირ-პლეიში ჩატევა ესაჭიროებათ.
ვილასთვის სამწუხაროდ, ეს ყველაფერი კლუბისთვის საკმარისი არ იყო და კიდევ უფრო მეტად მოუწია ქამრის შემოჭერა.
ჯეიკობ რემზი რომ გაგვეყიდა (კლუბის აღზრდილი), ფინანსურ პრობლემებს მოვიგვარებდით. მისი გაყიდვა შეგვეძლო კიდეც, იმიტომ რომ შემოთავაზებები გვქონდა, მაგრამ ამ ფინანსური პრობლემების მოგვარება კლუბის შესუსტების გარეშე გვინდოდა, ამიტომ უნაი ემერის მისთვის ერთ-ერთი ყველაზე საკვანძო ფიგურა ვერ წავართვით.
სხვა გამოსავალი იქნებოდა ოლი უოტკინსის ტრანსფერზე დაყენება. მარტივი გამოსავალიც, იმიტომ რომ ის გუნდის საუკეთესო თავდამსხმელია. ან, მაგალითად, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარის, ემილიანო მარტინესის გაყიდვა. შეგვეძლო ევრი კონზას გასხვისება, ან ლეონ ბეილის, მაგრამ გვახსოვდა, რომ მომდევნო სეზონის წარმატება ეჭვქვეშ არ უნდა დამდგარიყო.
ზოგი კლუბი ცდილობდა ჩვენი სიტუაციით ესარგებლა, ამიტომ დაბალ შემოთავაზებებს გვიკეთებდნენ. ეს ნორმალურიც არის - ეს ჯუნგლია, სადაც ყველა საკუთარ ინტერესს იცავს. მაგრამ, გადამწყვეტი დუგლას ლუისის ტრანსფერი აღმოჩნდა." - ამბობენ კლუბის ხელმძღვანელები.
ემერიმ ჯერ კიდევ წინა სეზონის მსვლელობისას გადაწყვიტა, რომ ბრაზილიელის გაშვება შესაძლებელია. ამიტომ, მაისის ბოლოს ვილას წარმომადგენლები იტალიაში გაფრინდნენ და იუვენტუსს გაესაუბრნენ. მიუხედავად ამისა, ყველაფერი მაინც ბოლო წამამდე გაიწელა.
„ხელმოწერა მხოლოდ 30 ივნისს დავინახეთ. ეს ნამდვილი თავგადასავალი გამოვიდა. დუგლასი ბრაზილიასთან ერთად აშშ-ში გაფრინდა. მას სამედიცინო შემოწმების გავლა და კონტრაქტის გაფორმებაღა სჭირდებოდა, მაგრამ სიგიჟეები გრძელდებოდა. იყო ერთი უძილო ღამეც. ისინი ვეგასში თამაშობდნენ, შემდეგ კი სასტუმროში უნდა დაბრუნებულიყვნენ, სადაც იგეგმებოდა კონტრაქტის გაფორმება. თუმცა, ბრაზილიის ნაკრების დელეგაციამ ფეხბურთელებს ვეგასში დარჩენის საშუალება არ მისცეს, იმიტომ რომ მათი წვეულებებზე გაპარვის საშიშროების წინაშე იდგნენ.
იუვენტუსელი კრისტიან ჯუნტოლისთან შეთანხმების ნიშნად ხელის ჩარტყმიდან - საბოლოო ხელმოწერამდე მთელი თვე გავიდა." - იხსენებენ მონჩი და ვიდაგანი.
საბოლოოდ, ვილამ სანქციების თავიდან არიდება მოახერხა: ბოლო მომენტში ტურინელებისგან მათ 42-მილიონიან შეთანხმებაზე ხელმოწერა მიიღეს. გარდა ამისა, ენცო ბარენეჩეა და სემ აილინგი გუნდიდან უმალვე იჯარით წავიდნენ, მაგრამ მომავალში, სწორედ მათ შეიძლება გადაარჩინონ კლუბი სანქციებისგან.
„სამუელი და ენცო - ახალგაზრდა ფეხბურთელები არიან, რომელთაც ვენდობით. ვიცოდით, რომ ისინი პირდაპირ ჩვენს სასტარტოში ვერ მოხვდებოდნენ, მაგრამ ახალგარდები და ნიჭიერები არიან, მისაღები ხელფასით. მომავალ წელს, ისინი ჩვენთვის კარგი აქტივები იქნებიან." - აღიარებს ვიდაგანი.
შესაძლოა, ამით უკვე გადაიდგა პირველი ნაბიჯები 2025 წლის ზაფხულის მიმართულებით, რომ ვილამ ფინანსურ ფეირ-პლეიში ჩატევა უფრო მშვიდად შეძლოს.
*როგორც იცით, გასულ სეზონში ევერტონი თითქმის მთელი სეზონის მანძილზე პრემიერ ლიგასთან ქულების დაკლების თაობაზე დაობდა. კლუბს ჯერ 10 ქულა დააკლეს, შემდეგ კი 8 დაუბრუნდეს და 2-ქულიანი კლება აკმარეს.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები