კესარიამ მგელაძემ ესპანეთის ქალაქ როკეტა დე მარში გამართულ 17-წლამდე მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონატზე საპრიზო ადგილი დაიკავა.
ქართველმა სპორტსმენმა 11 ტურში 9.5 ქულა მოაგროვა, ლიდერობა გაინაწილა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული დამატებითი მაჩვენებლების გამო ვერ მიიღო.
კერძოდ, კესარიამ მე-8 ტურში პირადი პარტია წააგო მონღოლეთის წარმომადგენელ ბატპელდენ ბუიანხიშიგთან, რომელმაც საბოლოოდ ასევე 9.5 ქულა დააგროვა და უპირატესობა სწორედ ამის გამო მიენიჭა.
შედეგად, მგელაძემ მეორე ადგილი დაიკავა და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის სტატუსი მოიპოვა.
მსოფლიო ჩემპიონატი რამდენიმე ასაკობრივ კატეგორიაში (7-დან 17 წლამდე) ჩატარდა და მასში მონაწილეობა 82 ქვეყნის 721-მა მოჭადრაკემ მიიღო. მგელაძის გარდა, საქართველოს კიდევ 11 წარმომადგენელი ჰყავდა.