ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, ალესანდრო ნესტამ, SBC Summit Tbilisi 2025-ზე, ფეხბურთში გემბლინგის ჩართულობის შეფასებისას, განაცხადა, რომ მისი თაობის ბევრი ფეხბურთელი ფსონებს აკეთებდა და ფაჯიოლი-ტონალის მაგალითის გარშემოც გამოთქვა აქცენტები.
"ფეხბურთში გემბლინგის ჩართულობა და კომერციული სახის თანამშრომლობა გარდაუვალია. ამ პროცესის სათანადოდ სამართავად, ვფიქრობ, ორგანიზაციები და კლუბები ხალხს უნდა ელაპარაკონ, უნდა მოეწყოს შეხვედრები თუ კამპანიები, რათა ცნობიერება ამაღლდეს და ყველაფერი უფრო მეტად ნათელი გახდეს, ეს ყველაფერი პროცესის გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს.
ყველას კარგად მოგეხსენებათ, გასულ წელს იტალიაში ფაჯიოლისა და ტონალის გარშემო განვითარებული ამბები. აქედან გამომდინარე, ჩანს, რომ მსგავს თემაზე ფეხბურთელებთან საუბარი და მათი გათვიცნობიერებაც აუცილებელია. მათ კარგად უნდა აუხსნან, რა შეუძლიათ და რა - არა.
როცა კარიერას ვიწყებდი, ყველა თამაშობდა, რადგან მაშინ წესები განსხვავებული იყო. გქონდა ფული, ბევრი თავისუფალი დრო და ყველა ფსონებს აკეთებდა", - განაცხადა ნესტამ SBC Summit Tbilisi 2025-ზე გამართული დისკუსიისას.
ალესანდრო ნესტა თბილისში 14 ოქტომბერს ჩამოვიდა, მომდევნო ორი დღის განმავლობაში SBC Summit Tbilisi 2025-ზე მიიღო მონაწილეობა და ქვეყანა 16 ოქტომბერს დატოვა.