-
Aa
+
ფონტის ზომა
ესპანური ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის ხეტაფე კარგად ნაცნობი გუნდია - ლურჯებს 2004 წლიდან ერთი სეზონის გარდა ყველა პრიმერა დივიზიონში აქვთ გატარებული და ესპანეთის სახელს პერიოდულად ევროსარბიელზეც იცავენ.
ხეტაფეს დაარსების თარიღად ოფიციალურად 1983 წელი ითვლება, თუმცა მადრიდის მუნიციპალიტეტის გუნდის ფესვები ბევრად შორს, 1923 წლამდე მიდის. ოციან წლებში სოსიედად ხეტაფე დეპორტივო ჩამოყალიბდა, რომელიც ძირითადად ქვედა ლიგებში ასპარეზობდა. ესპანეთის სამოქალაქო ომის შემდეგ კი გუნდის განახლება ბარის მაგიდასთან მსხდომმა ხუთმა ადგილობრივმა ითავა - 1946 წელს საფეხბურთო კლუბი ხეტაფე დეპორტივო დაიბადა.
ხეტაფე დეპორტივოს ოქროს წლებად 70-იანები მიიჩნევა, როდესაც გუნდმა ჯერ საკუთარი სტადიონი გახსნა, შემდეგ კი მეორე ლიგაში აღზევდა. 80-იანი წლების დასაწყისში ხეტაფე ფინანსურ კრიზიში ჩაეფლო, რასაც გუნდის გაუქმება მოჰყვა.
ამასობაში, 1976 წელს მადრიდის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი გუნდი შეიქმნა - პენია მადრიდისტა ხეტაფე, რაც მადრიდის რეალის ხეტაფელ გულშემატკივართა კლუბს ნიშნავდა. 1982 წელს უკვე სახელშეცვლილი კლუბ დეპორტივო პენია ხეტაფე კიდევ ერთ ადგილობრივ გუნდთან, კლუბ ხეტაფე პრომესასთან გაერთიანდა. ამ გაერთიანების საფუძველზე 1983 წელს საფეხბურთო კლუბი ხეტაფე დაარსდა.
80-იან და 90-იან წლებში ხეტაფე ქვედა ლიგებში ასპარეზობდა და ესპანური ფეხბურთის ფსკერზე დაშვებასთანაც ძალიან ახლოს იყო, თუმცა საბოლოოდ მოვლენები მათ სასიკეთოდ განვითარდა და 1998 წელს დღევანდელი სტადიონი, კოლისეუმ ალფონსო პერესი გაიხსნა.
ხეტაფეს ლა ლიგაში გადასვლა სერხიო პაჩონის ლეგენდარულ პერფორმანსს უკავშირდება - სწორედ ესპანელის ხუთი გოლით დაამარცხეს ლურჯებმა ტენერიფე და ესპანური ფეხბურთის მწვერვალზე ავიდნენ. ხეტაფე რეალის, ატლეტიკოსა და რაიოს შემდეგ, მეოთხე გუნდი გახდა მადრიდის ავტონომიური გაერთიანებიდან და პირველი მათ შორის დედაქალაქის გარედან, რომელსაც ოდესმე ლა ლიგაში უთამაშია. 20 წელიწადში ხეტაფემ ესპანური საფეხბურთო პირამიდის მთელი გზა გაიარა.
2004 წლის შემდეგ ხეტაფე ლა ლიგაში 22-ე სეზონს ატარებს, გუნდი უმაღლესი ლიგიდან მხოლოდ ერთხელ 2016 წელს დაქვეითდა და შემდეგ სეზონშივე დაბრუნდა. ხეტაფეს პირველი წარმატება 2006/07 წლების სეზონს უკავშირდება, როცა ლურჯებმა ესპანეთის თასის ფინალში გასვლა ბარსელონასთან საოცარი ქამბექის შედეგ შეძლეს. კამპ ნოუზე 5:2 მარცხისა და ანკარა მესის შემდეგ, ხეტაფემ ბარსა შინ 4:0 გაანადგურა და ფინალის საგზური მოიპოვა. ლურჯები ფინალში სევილიასთან დამარცხდნენ, თუმცა რადგან ანდალუსიელებს ჩემპიონთა ლიგის საგზური უკვე ჰქონდათ მოპოვებული, უეფას თასზე ესპანეთი ხეტაფემ წარადგინა.
სადებიუტო ევროპული ვოიაჟი წარმატებული გამოდგა - ხეტაფემ ჯერ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, შემდეგ კი ერთმანეთის მიყოლებით ათენის აეკი და ლისაბონის ბენფიკა გამოთიშა ტურნირს. მადრიდელები უეფას თასს მეოთხედფინალში, დრამატულ ბრძოლაში, მიუნხენის ბაიერნთან სტუმრად გატანილი გოლის წესის გამო დაემშვიდობნენ.
ხეტაფემ ევროპის რანგით მეორე ტურნირზე კიდევ ორჯერ ითამაშა - 2010/11 და 2019/20 წლების სეზონებში. ლოქდაუნის ფეხბურთში მადრიდელები მერვედფინალში, ინტერთან დამარცხდნენ.
გასულ სეზონში მეშვიდე ადგილის დაკავების გამო, ხეტაფე უეფას კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოხვდა, სადაც ბელგრადის პარტიზანი ორი მატჩის ჯამში 4:3 დაამარცხა და ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა.
უეფას თასისგან განსხვავებით, კონფერენს ლიგის სადებიუტო სეზონი ხეტაფესთვის ცუდად დაიწყო. ხოსე ბორდალასის შეგირდები პირველ ტურში კრაიოვასთან ფრეს დასჯერდნენ, შემდეგ კი ჯერ შინ ლუგანოსთან 2:5 განადგურდნენ, შემდეგ კი ბრაიტონთან 0:1 დამარცხდნენ.
საბა საზანოვის გუნდის საქმეები არც შიდა ასპარეზზეა კარგად - 13 ტურის შემდეგ ხეტაფე მე-18 პოზიციაზეა. ყველა ტურნირზე მადრიდელებმა ბოლო 10 მატჩში მხოლოდ ორჯერ იმარჯვეს, ხოლო ექსვში დამარცხდნენ.
მსგავსი შედეგი აქვს კონფერენს ლიგაზე თბილისურ კლუბსაც - იბერია პირველ ტურში ბელგიაში სენტ-ტრუიდენთან 2:0 დამარცხდა, მეორე ტურში შინ შვედურ მიალბისთან ფრეს დასჯერდა, ხოლო უკანასკნელი მატჩი კოპენჰაგენთან 2:1 დათმო. სამი ტურის შემდეგ თბილისელები 29-ე პოზიციას იკავებენ, ხოლო მადრიდელები 31-ეს.
ხეტაფესგან განსხვავებით, ლევან კორღალიძის გუნდი შიდა ასპარეზზე სეზონის დასკვნით ფაზაშია - იბერია საქართველოს ზედიზედ მესამე ჩემპიონობისთვის იბრძვის და ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ცხრილის სათავეშია. წითლებმა ეროვნულ ლიგაში ბოლო ხუთ მატჩში სამი მოიგეს, ხოლო ორიც ფრედ ითამაშეს - გაიტანეს 7 და გაუშვეს 4.
ხეტაფესთან მატჩის წინ დედაქალაქურ კლუბს ტრავმის გამო ანდრია ბართიშვილი აკლია, ასევე გუნდს დისკვალიფიკაციის გამო ვერ ეხმარება ვახო ბედოშვილი. რაც შეეხება გიორგი ბერიძეს, ის კონფერენს ლიგის განაცხადს მიღმაა - თბილისურ კლუბში მისი ტრანსფერის დახურვისას, უეფაში სიები უკვე გაგზავნილი იყო.
შეგახსენებთ, რომ იბერიასა და ხეტაფეს მატჩი 26 ნოემბერს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 21:45-ზე გაიმართება.

ნიკოლოზ კვარაცხელია
კომენტარები