მადრიდის ატლეტიკოში ხულიან ალვარესის ირგვლივ შექმნილი კრიზისი დასასრულს უახლოვდება.
არგენტინელი თავდამსხმელი რამდენიმედღიანი პაუზის შემდეგ გუნდის ვარჯიშებს დაუბრუნდა, რაც იმის მანიშნებელია, რომ ბარსელონას დაინტერესების მიუხედავად, ის ესპანურ კლუბში დარჩება. რადიოსადგურ Cadena Ser-ის ცნობით, ყველაფერი დიეგო სიმეონეს გუნდში მის დარჩენაზე მიუთითებს, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ბარსელონამ შეტევის გასაძლიერებლად გაბრიელ ჟეზუსის 10-მილიონიანი ტრანსფერი შეათანხმა.
მიუხედავად იმისა, რომ ჟეზუსის დამატება ალვარესის ტრანსფერის შანსებს ამცირებს, კატალონიური კლუბი სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კარს ღიას ტოვებს. ამ გაურკვევლობის ფონზე, არგენტინის ეროვნული ნაკრების ფსიქოლოგმა, ხუან ბრინდისიმ, ფეხბურთელის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ისაუბრა და ატლეტიკოს ხელმძღვანელობა გააკრიტიკა.
არგენტინულ რადიოსადგურ D Sports-თან საუბრისას ბრინდისიმ აღნიშნა, რომ ალვარესის სურვილი, გადავიდეს ბარსელონაში, უბრალო ჭირვეულობა არ არის - ეს მისი ბავშვობის ოცნებაა.
ფსიქოლოგის განმარტებით, ტრანსფერის პერიოდი, განსაკუთრებით მისი ბოლო დღეები, მოთამაშეებზე უდიდეს წნეხს ახდენს და დაძაბულობით მხოლოდ მძიმე ტრავმის მიღების მომენტს თუ შეედრება. ეს პირდაპირ აისახება ფეხბურთელის ცხოვრებაზე და ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული ეტაპია.
ბრინდისიმ კლუბებს სიფრთხილისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ თუ მოლაპარაკებების პროცესში მოთამაშეს დეპრესიის ნიშნები გამოუვლინდება, პირველ პლანზე ადამიანზე ზრუნვა უნდა დადგეს. მისი თქმით, ფეხბურთელი არ უნდა ისჯებოდეს მხოლოდ იმის გამო, რომ ბავშვობის ოცნების ასრულება და სხვა გუნდში გადასვლა სურს.