ფრანგმა ჟურნალისტმა, ფრანს პიერონმა, ტელეკომპანია L'Equipe-ის ეთერში ატეხილი სკანდალის შემდეგ საჯაროდ მოიხადა ბოდიში.
წამყვანმა მკაცრად გააკრიტიკა ბელგიის ნაკრებისა და მანჩესტერ სიტის ვარსკვლავი, ჟერემი დოკუ, რომელმაც პირველი შვილის დაბადებაზე დასასწრებად მსოფლიო ჩემპიონატის დროებით დატოვება გადაწყვიტა.
„მამა იქ უბრალოდ ზედმეტია“ - წამყვანის ხმაურიანი ეთერი
სკანდალი პარასკევს, გადაცემა L'Equipe de Choc-ის მსვლელობისას დაიწყო. 24 წლის ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ივლისში, შვილის დაბადების გამო, შესაძლოა ნაკრების ბაზა მცირე ხნით დატოვოს. პიერონმა ფეხბურთელის ეს ნაბიჯი ვერ გაიგო და პირდაპირ ეთერში უცნაური განცხადება გააკეთა:
უნდა გესმოდეთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში უდიდესი პრივილეგია და ბავშვობის ოცნებაა, რისთვისაც ასობით ფეხბურთელი ყველაფერს გააკეთებდა. შენ კი ამ ყველაფერს ტოვებ იმისათვის, რომ დაესწრო მშობიარობას, რომელიც საზიზღარი მომენტია - მომიტევეთ გამოთქმაზე, მაგრამ მამა იქ სრულიად უსარგებლოა
ამ სიტყვებს სოციალურ ქსელებში მაყურებელთა და კოლეგათა უმწვავესი პროტესტი მოჰყვა, რის გამოც ჟურნალისტი იძულებული გახდა, X-ის (ყოფილ ტვიტერის) საკუთარ გვერდზე ბოდიშის ტექსტი გამოექვეყნებინა და აღენიშნა, რომ მამების როლის დაკნინება არ ყოფილა მისი მიზანი.
დოკუს პოზიცია და ბელგიის ნაკრების პრობლემები
თავად ჟერემი დოკუ თავიდანვე მკაფიოდ აფიქსირებდა, რომ მისთვის ოჯახი ყოველთვის პირველ ადგილზე დგას:
ეს ჩემი პირველი შვილია და ძალიან მინდა მის დაბადებას დავესწრო. არავის უნდება ცხოვრებაში ასეთი მომენტის გამოტოვება. ვიცი, რომ ბელგიის ფეხბურთის ფედერაციას ესმის ჩემი და მხარს მიჭერს
ეს თემა ბელგიის ნაკრებისთვის ისედაც მძიმე პერიოდს დაემთხვა. ეგვიპტესთან ფრეს (1:1) შემდეგ გუნდი ჯგუფში გადარჩენისთვის იბრძვის, დოკუს კი, საოჯახო საკითხების გარდა, ჯანმრთელობის პრობლემებიც აქვს. გავრცელებული ინფორმაციით, სასუნთქი გზების ინფექციის გამო, იგი ირანთან უმნიშვნელოვანეს მატჩს გამოტოვებს.