ესპანეთის სუპერთასში მონაწილეობისთვის გათვალისწინებული საპრიზო თანხები გასულ წელთან შედარებით გაიზრდება.
Marca-ს წყაროს ინფორმაციით, ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციამ (RFEF) საპრიზო ფონდის გაზრდა გადაწყვიტა, რათა ტურნირის პრესტიჟი გაიზარდოს და მონაწილე გუნდებისთვის დამატებითი მოტივაცია შეიქმნას.
2025 წელს გუნდებს შორის ჯამში 19 648 486 ევრო გადანაწილდა. სუპერთასში მონაწილეობისთვის ბარსელონამ და მადრიდის რეალმა 6-6 მილიონი ევრო მიიღეს, ატლეტიკმა — 2 მილიონი, ხოლო მალიორკამ — 850 ათასი ევრო. გარდა ამისა, ნახევარფინალისტებს დამატებით 1-1 მილიონი ევრო გადაუხადეს, ხოლო ტურნირის გამარჯვებულმა ბარსელონამ ბონუსის სახით კიდევ 2 მილიონი ევრო მიიღო.
მიმდინარე წელს საერთო საპრიზო ფონდი დაახლოებით 23 მილიონ ევროს შეადგენს. თითოეული კლუბის წილი დამოკიდებული იქნება მათ ტიტულებზე, ისტორიულ მნიშვნელობასა და სატელევიზიო აუდიტორიაზე.
აღნიშნულია ისიც, რომ სუპერთასის ჩატარებიდან ფედერაციის შემოსავალი 51,9 მილიონ ევროს მიაღწევს, საიდანაც დაახლოებით 28 მილიონი ევრო არაპროფესიონალური ფეხბურთის განვითარებაზე დაიხარჯება.
ტურნირის ნახევარფინალში მადრიდის რეალი ატლეტიკოს დაუპირისპირდება, ბარსელონა კი ბილბაოს ატლეტიკს შეხვდება. ამ წყვილების გამარჯვებულები ერთმანეთს ფინალში შეხვდებიან, რომელიც 11 იანვარს გაიმართება.
პირველი მატჩი ბარსელონა — ბილბაო ხვალ, 7 იანვარს შედგება, მეორე კი [ატლეტიკო — რეალი], 8 იანვარს.