დანიური გრანდი მიდტიულანდი შეძრწუნებულია - კლუბის 19 წლის ფეხბურთელს, ალამარა ჯაბის, თავს დაესხნენ და დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს.
კლუბმა სამშაბათს ოფიციალურად დაადასტურა, რომ თავდასხმა ქალაქ ჰერნინგში გასულ უქმეებზე მოხდა. ახალგაზრდა მოთამაშის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა.
ჩატარებული ორი ოპერაციის შემდეგ, ჯაბის მდგომარეობა დასტაბილურდა. ის ხელოვნური კომიდან უკვე გამოიყვანეს და კლუბის ცნობით, არსებული გარემოებების გათვალისწინებით, თავს კარგად გრძნობს.
გვინეა-ბისაუს ნაკრების ნახევარმცველი ბენფიკას აკადემიის აღზრდილია და დანიურ გუნდს 2023 წელს შეუერთდა. მიდტიულანდი, რომელსაც დორტმუნდის ბორუსიას ყოფილი მწვრთნელი, მაიკ ტულბერგი ხელმძღვანელობს, ამჟამად ჩემპიონობისთვის იბრძვის და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა.