არგენტინაში ნამდვილი ქაოსი დატრიალდა.
Gimnasia y Esgrima de Jujuy-ის მცველი, ემილიანო ენდრიცი, აეროპორტში თვითმფრინავის აფრენამდე დააკავეს. მიზეზი ბომბის შესახებ გაკეთებული მუქარაა, რამაც უსაფრთხოების სამსახურების რეაგირება და აეროპორტის მუშაობის დროებითი შეჩერება გამოიწვია.
ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა გუნდი ბუენოს-აირესში მიფრინავდა, სადაც არგენტინის მეორე დივიზიონის მეცხრე ტურის მატჩი უნდა გამართულიყო. ენდრიცის რეპლიკის შემდეგ აეროპორტში სპეციალური პროტოკოლი ამოქმედდა: თვითმფრინავი და ტერიტორია გამნაღმველთა ჯგუფმა სრულად შეამოწმა. საბედნიეროდ, ასაფეთქებელი მოწყობილობა ვერ იპოვეს, თუმცა ამ ყველაფერმა უამრავი მგზავრისა და გუნდის გეგმები თავდაყირა დააყენა.
32 წლის მარცხენა მცველი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა. ის 2023 წლიდან ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრია. ახლა კი მისი სპორტული კარიერა კითხვის ნიშნის ქვეშაა. არგენტინაში ბომბის შესახებ ცრუ შეტყობინება სერიოზულ დანაშაულად ითვლება და შესაძლოა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, დიდი ფულადი ჯარიმა ან იურიდიული შეზღუდვები მოჰყვეს.
ჯერჯერობით უცნობია, რამ აიძულა ფეხბურთელი ასეთი რამ ეთქვა, თუმცა ფაქტია, რომ ხუმრობა სპორტულ ჩარჩოებს გასცდა. კლუბი და ლიგა სავარაუდოდ მკაცრ დისციპლინარულ ზომებს მიიღებენ, სანამ გამოძიება გრძელდება. ამ ეტაპზე ენდრიცის გუნდთან ერთად ყოფნის ნაცვლად პოლიციასთან ურთიერთობა უწევს.
