გლობალურმა სპორტულმა, მედია, გასართობმა და უძრავი ქონების კომპანია Fenway Sports Group-მა (FSG) დღეს ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ლივერპულის აქციების წილის 1892 Holdings-ისთვის მიყიდვაზე საბოლოო შეთანხმებას მიაღწია.
1892 Holdings წარმოადგენს კონსორციუმს, რომელსაც ამიტ ბჰატია ხელმძღვანელობს და მართავს. ინვესტორებს შორის არიან თავად ამიტ ბჰატია და Mittal Family Trusts, K5 Sports (K5 Global Fund), რომლის წამყვანი ინვესტორი ჯეფ ბეზოსია, ასევე EE Capital, ელეინ და ედუარდო სავერინების საოჯახო საინვესტიციო კომპანია.
კონსორციუმის პარტნიორები FSG-სთან და კლუბის ხელმძღვანელობასთან ერთად იმუშავებენ იმ შესაძლებლობების შესაფასებლად, რომლებიც ლივერპულის მიზნების მიღწევას როგორც მოედანზე, ისე მის ფარგლებს გარეთ შეუწყობს ხელს. FSG კვლავ ინარჩუნებს კლუბის აქციების საკონტროლო პაკეტსა და ოპერაციულ მართვას.
1892 Holdings-ის სახელით ამიტ ბჰატიამ განაცხადა:
„უზომოდ ვამაყობთ, რომ ინვესტიციას ლივერპულში ვახორციელებთ და ამას FSG-სთან ერთად ვაკეთებთ. უდიდეს პატივს ვცემთ FSG-ს, როგორც კლუბის მფლობელს, და ყველაფერს, რასაც მათ ენფილდზე მიაღწიეს.
ამ მასშტაბის კლუბში პარტნიორად მიღება უდიდესი პრივილეგიაა. ამ ინვესტიციას იმიტომ ვახორციელებთ, რომ მტკიცედ გვჯერა ლივერპულისა და მისი ხელმძღვანელობის.
მოუთმენლად ველით შესაძლებლობას, რომ მომდევნო წლების განმავლობაში კლუბის წარმატების გაგრძელებას ხელი შევუწყოთ.“
Forbes-ის შეფასებით, მხოლოდ ჯეფ ბეზოსის ქონება 280 მილიარდ დოლარს აღემატება, ხოლო ედუარდო სავერინის ქონება 32 მილიარდ დოლარზე მეტია.
ლივერპულის დაახლოებით 30%-იანი წილის გასხვისების გარიგების ღირებულება დაახლოებით 1.65 მილიარდ ფუნტ სტერლინგს შეადგენს.