უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს ჩემპიონი იბერია შვედურ მალმიოს დაუპირისპირდება.
გუნდებს შორის პირველი შეხვედრა 8 ივლისს, 20:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შედგება.
იბერია 1999 ამ სახელით ევროტურნირებზე მეორედ იასპარეზებს, თუმცა საბურთალოს საკვალიფიკაციო ეტაპებზე თამაშის ისტორია აქვს.
პირველად თბილისური გუნდი 2019-20 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ჩემპიონის რანგში წარსდგა. პირველ რაუნდში საბურთალოს მეტოქე ტირასპოლის შერიფი იყო, რომელსაც გასვლაზე 0-3 მოუგეს. გოლები როლოვიჩმა, კოხრეიძემ და კაკუბავამ გაიტანეს.
თბილისურ მატჩში კი სტუმრებმა 1-3 იმარჯვეს, თუმცა ორი მატჩის ჯამში საბურთალომ 4-3 მოიგო და ევროტურნირებზე დებიუტი შემდეგ ეტაპზე გასვლით აღნიშნა.

მომდევნო ეტაპზე მეტოქე ზაგრების დინამო აღმოჩნდა, რომელთანაც საბურთალო ორი მატჩის ჯამში 0-5 დამარცხდა. ერთი გოლი ქართულ გუნდს დანი ოლმომაც გაუტანა.
ამ მარცხის შემდეგ ჭიაბრიშვილის გუნდმა ევროპა ლიგაზე გადაინაცვლა, სადაც არარატ-არმენიას დაუპირისპირდა. გასვლაზე საბურთალომ ალთუნაშვილისა და ყენიას გოლებით 1-2 იმარჯვა, თუმცა თბილისში დასანანი მარცხის (0-2) შემდეგ ორმატჩიანი დუელი დაძაბულ ბრძოლაში დათმო.
ევროტურნირებზე ყველაზე ცუდი გამოსვლა საბურთალოს 2020-21 წლებში ჰქონდა, როცა ევროპა ლიგის პირველივე რაუნდში აპოლონ ლიმასოლთან 1-5 დამარცხდა.
2022-23 წლებში ქართული გუნდი კონფერენს ლიგაზე გამოვიდა და პირველ რაუნდში ალბანურ პარტიზანს პენალტების სერიაში აჯობა, მომდევნო ეტაპზე კი რუმინულ FCSB-სთან ორი მატჩის ჯამში 4-3 დამარცხდა. საბურთალოს მხრიდან გოლები ნონიკაშვილმა, სიხარულიძემ და ტაბატაძემ გაიტანეს, თუმცა ეს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა.
იბერია 1999-ის დებიუტი ამ სახელით ევროტურნირებზე გასულ წელს შედგა, როცა კონფერენს ლიგის მეორე ეტაპზე მეტოქე კვლავ ალბანური პარტიზანი იყო.
ამჯერად თბილისურ შეხვედრაში ნონიკაშვილისა და სილას გატანილი გოლებით იბერიამ შემდეგი ეტაპის საგზური მოიპოვა, სადაც სტამბოლის ბაშაქშეჰირს დაუპირისპირდა და ორი მატჩის ჯამში 0-3 დამარცხდა.
ჯამში იბერიამ (საბურთალო) ევროტურნირებზე 15 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 5 მოიგო, 1 ფრედ ითამაშა და 9 წააგო - გაიტანა 13 და გაუშვა 24 გოლი.
წელს კი, როგორც სადებიუტო სეზონში, თბილისური გუნდი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ჩემპიონის რანგში გამოვა, სადაც მეტოქე შვედური მალმიო იქნება. შვედეთის ჩემპიონი მიმდინარე ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა და ლიდერ მიალბის 8 ქულით ჩამორჩება.
მალმო ქართულ გუნდს თავის ისტორიაში პირველად დაუპირისპირდება, იბერიაც თავის მხრივ შვედურ გუნდს პირველად შეხვდება.