ლისაბონის სპორტინგთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, გიორგი ქოჩორაშვილმა კლუბის ოფიციალურ გვერდთან ისაუბრა.
ქართველმა საუბარი კაპიტან ამერიკაზე დაიწყო - სუპერგმირზე, რომელიც მისი გოლების აღნიშვნის ინსპირაციაა.
"კაპიტან ამერიკას ისტორიაში ამბობენ, რომ ის სუსტი იყო და მზად არ იყო. შემდეგ კი ის ტრანსფორმირდა, მსოფლიო გადაარჩინა და ხალხი გადაარჩინა. როცა ასე აღვნიშნავ, ეს ბავშვებისთვისაა, რომელთაც ეუბნებიან, რომ ისინი გამოწვევებისთვის მზად არ არიან.
რასაც მათ ვეუბნები არის ის, რომ თუ მე ეს შევძელი და თუ კაპიტან ამერიკამ შეძლო, მაშინ შენც შეგიძლია. უნდა დაიჯერო, ბევრი იშრომო და გქონდეს დისციპლინა."
სპორტინგში გიორგის შესაძლებლობა ექნება უეფას ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი ჰქონდეს.
"როცა პატარა ვიყავი, ამაზე ვოცნებობდი. ჩემპიონთა ლიგის თამაშებს არ მაყურებინებდნენ, რადგან გვიან იყო და უნდა დამეძინა, ახლა კი ოცნებაში ვცხოვრობ. მე უბრალოდ დახმარება მინდა, რადგან გუნდური მუშაობა ყველაზე მნიშვნელოვანია. ვიცი, რომ მოედანზე და მის მიღმა დახმარება შემიძლია."
ქოჩორაშვილმა კრიშტიანუ რონალდუს აკადემიაში თავის პირველ დღეებზეც ისაუბრა.
"ყველა ძალიან კარგად დამხვდა, თითქოს მათი ძმა ან შვილი ვიყო. როცა ახალ სახლში მიდიხარ, განსხვავებული გრძნობაა, მაგრამ 1-2 დღეში მათ თავისიანად მაგრძნობინეს თავი.
რა თქმა უნდა, სირთულეები გვექნება, მაგრამ ვიცი, რომ თუ ერთად ვიქნებით, შეგვიძლია იმის გაგრძელება, რაც გაკეთდა. მე ვიშრომებ იმის საჩვენებლად, რომ ამ მაისურის ტარების ღირსი ვარ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია."
ქართველმა ნახევარმცველმა თავისი სათამაშო სტილიც დაახასიათა.
"ყველას გვიყვარს გოლების გატანა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი გუნდელების დახმარებაა, სადაც საჭიროა. თუ ფლანგის მცველს ან ვინგერს ვჭირდები, იქ ვიქნები. მინდა ვიყო მოთამაშე, რომელიც თავის გუნდელებს ღირებულებას მისცემს. გვექნება სირთულეები, მაგრამ ყოველდღიურად ვიმუშავებ მათ დასაძლევად."
ბოლოს კი ქოჩორაშვილმა სპორტინგის გულშემატკივრებს მიმართა.
"ისიამოვნეთ. ვიბრძოლოთ და ვიყოთ თავდაჯერებული. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენს ცხოვრებაში სიამოვნების მიღებაა იმით, რასაც ვაკეთებთ. ყველამ ჩვენი წილი გავაკეთოთ და მჯერა, რომ ყველაფერი ძალიან კარგად იქნება."
საქართველოს ნაკრების 26 წლის ნახევარმცველმა სპორტინგთან კონტრაქტი 2030 წლამდე გააფორმა.
VIDEO: სპორტინგმა გიორგი ქოჩორაშვილი წარადგინა