-
Aa
+
ფონტის ზომა
G ჯგუფის ლიდერთა დაპირისპირებაში ტუხელის გუნდი განას დაუპირისპირდება.
ეს იქნება მუნდიალის მე-13 სათამაშო დღის 4 საინტერესო შეხვედრიდან ერთ-ერთი.
როგორც „სამ ლომებს“, ისე „შავ ვარსკვლავებს“ შეუძლიათ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალის საგზურის ნაადრევად მოპოვება და, შესაძლოა, ჯგუფში პირველი ადგილის უზრუნველყოფაც.
ხორვატია კი ინგლისთან მარცხის შემდეგ რეაბილიტაციას პანამასთან შეხვედრაში ეცდება.
დღე ჰიუსტონში პორტუგალიისა და უზბეკეთის მატჩით დაიწყება, სადაც რობერტო მარტინესის გუნდი K ჯგუფში პირველ გამარჯვებას დაუმიზნებს, ხოლო უზბეკეთი მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიული პირველი ქულის მოპოვებას შეეცდება.
დღეს კოლუმბიისა და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეხვედრა დაასრულებს, სადაც სამხრეთამერიკელები პლეი-ოფის საგზურის განაღდებას შეეცდებიან, ხოლო პორტუგალიასთან ფრით გამხნევებული აფრიკელები სხვა გეგმებით გამოვლენ.
ჰიუსტონში ამ გუნდებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში პირველი შეხვედრა გაიმართება. ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდი აზიური დებიუტანტის წინააღმდეგ ითამაშებს.
პორტუგალიამ პირველ ტურში 3 ქულის მოპოვება ვერ შეძლო და AFC-ის წარმომადგენელთან კიდევ ერთი ჩავარდნის თავიდან აცილებას ეცდება. 4 წლის წინ პორტუგალიელები სამხრეთ კორეასთან 2:1 დამარცხდნენ.
უზბეკეთმა კოლუმბიასთან ღირსეული თამაში აჩვენა, თუმცა მარცხი განიცადა. ახლა კი „კოსმოსურ ქალაქში“ მათი მსოფლიო ჩემპიონატის კამპანიის წარმატებით გაგრძელების იმედი აქვთ.
სავარაუდო შემადგენლობები
პორტუგალია - დიოგო კოშტა; ჟოაო კანსელო, რუბენ დიაში, რენატუ ვეიგა, ნუნუ მენდეში; ვიტინია, ჟოაო ნევეში, ბრუნო ფერნანდეში, ბერნარდუ სილვა; პედრუ ნეტუ, კრიშტიანუ რონალდუ.
უზბეკეთი - იუსუპოვი; ხუსანოვი, აბდულაევი, აშურმატოვი; კარიმოვი, შუკუროვი, მოზგოვოი, ნასრულაევი; ფაიზულაევი, ურუნოვი; შომუროდოვი.
ინგლისმაც და განამაც პირველი ტურის მატჩები მოიგეს და ახლა მე-2 ტურის შეხვედრაში იციან, რომ კიდევ 3 ქულა მათ 1/16-ფინალის საგზურს ოფიციალურად გაუნაღდებს.
თომას ტუხელის ინგლისმა პირველი მატჩი შესანიშნავად ჩაატარა და 2018 წლის ვიცე-ჩემპიონი და 2022 წლის ნახევარფინალისტი ხორვატია 4:2 დაამარცხა. გუნდის კაპიტანმა, ჰარი კეინმა, დუბლი შეასრულა.
განამ კი პანამასთან გამარჯვება დამატებულ წუთებზე მოიპოვა და დრამატულ შეხვედრაში 1:0 იმარჯვა.
სავარაუდო შემადგენლობები
ინგლისი - პიკფორდი; ჯეიმსი, კონსა, სტოუნსი, ო'რაილი; რაისი, ანდერსონი, ბელინგემი; მადუეკე, კეინი, რეშფორდი.
განა - ასარე; აჯეტეი, მენსაჰი, ოპოკუ, სენაია; იირენკი, სემენიო, ოვუსუ; აიეუ, სულემანა, ნუამა.
ხორვატიამ, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ზედიზედ მესამედ გასვლას უმიზნებს, ტურნირი რთულად დაიწყო და ინგლისთან 4:2 დამარცხდა.
ევროპელები ახლა პანამას დაუპირისპირდებიან, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე მეორედ მონაწილეობს. ცენტრალური ამერიკის წარმომადგენლებიც პირველი ქულების მოპოვებას შეეცდებიან, რადგან პირველ ტურში განასთან დამარცხდნენ.
ამ მატჩში გამარჯვება ორივე გუნდს პლეი-ოფისკენ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადაადგმევინებს.
სავარაუდო შემადგენლობები
პანამა - მოსკერა; ბლექმენი, კორდობა, რამოსი, ჰარვი, ანდრადე, მურილიო; მარტინესი, როდრიგესი, ბარსენასი; უოტერმანი.
ხორვატია - ლივაკოვიჩი; შუტალო, ვუშკოვიჩი, გვარდიოლი; სტანიშიჩი, მოდრიჩი, პაშალიჩი, პერიშიჩი; სუჩიჩი, ბატურინა; მუსა.
K ჯგუფის ამ საინტერესო შეხვედრაში კოლუმბია და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა მსოფლიო ჩემპიონატის კამპანიას გააგრძელებენ.
სამხრეთამერიკელებმა ტურნირი დებიუტანტ უზბეკეთთან გამარჯვებით დაიწყეს, ხოლო „ლეოპარდები“ მსოფლიო ჩემპიონატს 52-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდნენ და ჰიუსტონში პორტუგალიასთან დრამატული 1:1 ითამაშეს.
სავარაუდო შემადგენლობები
კოლუმბია - ვარგასი; მუნიოსი, დავინსონ სანჩესი, ლუკუმი, მოხიკა; ლერმა, პუერტა; ლუის დიასი, არიასი, ხამეს როდრიგესი; ლუის სუარესი.
კონგოს დემოკრატიული რესუპუბლიკა - მპასი; ვან-ბისაკა, მბემბა, ტუანზებე, კაპუადი, მასუაკუ; მუკაუ, მუტუსამი, კაიემბე; ვისა, ბაკამბუ.

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები

