Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
21 მარტის უმნიშვნელოვანეს მატჩამდე სულ რაღაც 14 დღე რჩება.
ისტორიულ შეხვედრისთვის მზადების პროცესში adjarabetarena ქართველი ფეხბურთელების მდგომარეობას გაცნობთ. წინა სტატიაში უკვე მიმოვიხილეთ თუ როგორ ფორმაში ხვდება ლუქსემბურგთან დაპირისპირებას გიორგი მამარდაშვილი.
მნიშვნელოვანი წარმატებისთვის ახალგაზრდულ ენერგიასა და შემართებასთან ერთად გამოცდილებაცაა საჭირო, რაც ჩვენის ნაკრების რამდენიმე მოთამაშეს ნამდვილად არ აკლია. ერთ-ერთი ასეთი ფეხბურთელი ეროვნული გუნდის კაპიტანი გურამ კაშიაა, რომელსაც შეიძლება ბოლო შანსიც ჰქონდეს, რომ დიდ სანაკრებო წარმატებას მიაღწიოს.
ცენტრალური მცველი უკვე მე-3 სეზონია სლოვაკური სლოვან ბრატისლავას ღირსებას იცავს, სადაც მისი თანაგუნდელი ნაკრების ყოფილი კაპიტანი ჯაბა კანკავაა, მწვრთნელი კი ეროვნული გუნდის ყოფილი თავკაცი ვლადიმირ ვაისი.
სლოვაკეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში სლოვანმა 22 მატჩი ჩაატარა, კაშიამ კი 16 მათგანში მიიღო მონაწილეობა (12 სასტარტო შემადგენლობაში). აქედან 6 შემთხვევაში გუნდმა კარი მშრალად შეინახა.
36 წლის მცველი მატჩში საშუალოდ 1.7 ჩაჭრას, 1.8 ვარდნას, 4.3 ართმევასა და 3.3 ბურთის გამოტანას აგროვებს, სულ კი 3 ყვითელი ბარათი აქვს მიღებული.
კაშიას ანგარიშზე ერთი გოლიცაა, რომელიც პოდბრეზოვას გაუტანა.
სლოვანი ამ სეზონში უეფას კონფერენს ლიგაზეც ასპარეზობდა. გუნდმა ჯგუფური ეტაპი წარმატებით დაძლია და პლეიოფის ეტაპზე ოთარ კიტეიშვილის გრაცის შტურმთან დამარცხდა.
კაშიამ 6 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ყველა ჯერზე ის სასტარტო შემადგენლობაში იყო, ერთ შემთხვევაში გუნდმა კარის მშრალად შენახვაც შეძლო, ქართველი კი საშუალოდ მატჩში 1.7 ჩაჭრას, 1.1 ვარდნას, 3.1 ართმევასა და 5.9 ბურთის გამოტანას აგროვებდა. მან ამ შეხვედრებში 2 ყვითელი ბარათი დაიმსახურა.
სანაკრებო პაუზამდე სლოვანს 3 თამაში აქვს ჩასატარებელი: ჩემპიონატში რუზომბეროკთან და ტრნავასთან, თასის 1/4 ფინალში კი პოდბრეზოვასთან.
რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს, როგორც მოგეხსენებათ, გურამ კაშია ჩატარებული მატჩების რაოდენობით რეკორდსმენია. მან ნაკრების ღირსება უკვე 110-ჯერ დაიცვა (105-ჯერ სასტარტო შემადგენლობაში) და 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემაც ჩაიწერა აქტივში.
ეროვნული გუნდის კაპიტანს ზურგს 15-წლიანი სანაკრებო გამოცდილება უმაგრებს, რაც 21 მარტს ლუქსემბურგთან გასამართ შეხვედრაში მისი უპირატესობა უნდა იყოს. მას თავის კარიერაში უკვე ძალიან ბევრი აქვს ნანახი და ისიც იცის თუ როგორია ასეთ მნიშვნელოვან მატჩებში მონაწილეობა.
სავარაუდოდ, ეს მისთვის ბოლო შანსია, რომ საქართველოს ეროვნულ გუნდთან ერთად წარმატებას მიაღწიოს და დიდ სანაკრებო ფორუმზე ითამაშოს. უნდა ითქვას, რომ გურამ კაშიამ თავისი კარიერით ეს ნამდვილად დაიმსახურა.
კომენტარები
1 დღის წინ
9 საათის წინ
3 საათის წინ
7 საათის წინ