6 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
,,მამა, ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ აღარ ხარ. ვერ ვიჯერებ, რომ ვეღარ გნახავ, რომ ვეღარ ვისაუბრებთ. ვიცი, რომ იტანჯებოდი და ალბათ ასე უკეთესია, მაგრამ ძალიან ადრე წახვედი. ჯერ კიდევ იმდენი რამ გვქონდა ერთად გასაკეთებელი და იმდენი ბედნიერი წუთი დაგვრჩა გასაზიარებელი.
ყოველთვის მთხოვდი, რომ ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე მეთამაშა და მის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე სწორედ მაშინ დამძიმდა შენი მდგომარეობა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ტურნირზე ჩემ გვერდით ვერ იქნებოდი, მაგრამ დედამ მითხრა, რომ კარგად გახდებოდი და მოგზაურობასაც შეძლებდი. მე კი გითხარი, რომ ფინალში გავიდოდით და ერთ თამაშს მაინც ნახავდი.
შენთან მოვედი, რადგან ყველაფერზე, რაც მოხდა, ვერ დაგელაპარაკე. შენ ვერაფრით დატკბი. ჩემპიონები ვერ გავხდით, მაგრამ ვერასდროს გაიგე, როგორ ვტკბებოდით თითოეული მატჩით. კიდევ ერთხელ მართალი აღმოჩნდი, იქ უნდა ვყოფილიყავი და მეთამაშა.
ამას იმიტომ გეუბნები, რომ ეს იყო ერთადერთი რამ, რაზეც საუბარი ვერ მოვასწარით, რადგან დანარჩენი ყველაფერი უკვე იცოდი. ყოველდღე ვსაუბრობდით და, ჩემი ვალდებულებების გამო, როცა შესაძლებლობა გვქონდა, ერთმანეთს ვნახულობდით.
არ ვიცი, უშენოდ რა უნდა გავაკეთო. არ ვიცი, როგორ გავაგრძელო ცხოვრება. მე უბრალოდ ფეხბურთს ვთამაშობდი, ახლა კი ძალიან ბევრი ეჭვი მაქვს, კიდევ დიდხანს გავაგრძელებ თუ არა თამაშს. თავიდანვე ჩემ გვერდით იყავი, თითქმის ბოლომდე. რატომ ვერ გაძელი კიდევ ცოტა ხანს, რომ ყველაფერი ერთად დაგვესრულებინა?
ვიცი, რომ შენი ბედნიერება შენი ოჯახის, შენი მეუღლისა და შვილების ნახვა იყო და, რაც მთავარია, სხვებმა რომ არ გაიგონ, ჩემი თამაშის ყურება...
ბავშვობიდან ყოველთვის ასე იყო. სამსახურიდან სახლში დაბრუნებისთანავე ყველა ვარჯიშზე შენ მიგყავდი. ბევრჯერ კი დედასთან მე მიმყავდი, რადგან შენ მუშაობდი.
რა თქმა უნდა, არც ერთ ჩემს თამაშს არ აცდენდი. როგორ განიცდიდი ჩემი თამაშის ყურებისას და ამავდროულად როგორ გიხაროდა ყველაფერი, მიუხედავად იმისა, რომ კომპლიმენტებით დიდად არასდროს მანებივრებდი.
შენ იყავი მამა, მეგობარი და წარმომადგენელი. ყოველთვის ზუსტად ის ადამიანი იყავი, ვინც კონკრეტულ მომენტში უნდა ყოფილიყავი და არასდროს ცდებოდი. მიუხედავად საყვედურებისა თუ კამათისა, საბოლოოდ ყოველთვის მართალი აღმოჩნდებოდი. ბოლოს ყველაფერი მაინც იქამდე მიდიოდა, რასაც შენ ამბობდი.
ძალიან მომენატრები, მაგრამ ყოველთვის ჩემთან იქნები. განსაკუთრებით ჩემი შვილების აღზრდაში, რადგან მათ ისე ვზრდი და ვასწავლი, როგორც შენ მზრდიდი მე.
მშვიდად განისვენე და ზემოდან ისე გვიპატრონე, როგორც აქ გვპატრონობდი. მადლობა ყველაფრისთვის.
მიყვარხარ, მამა." - წერს ლეო.
ხორხე მესი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ 68 წლის ასაკში გარდაიცვალა.

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები