ნეიმარი კვლავ ყურადღების ცენტრშია. 34 წლის ბრაზილიელი სანტოსში კარიერის გადამწყვეტ ეტაპს გადის და მის მომავალთან დაკავშირებით სულ უფრო მეტი კითხვა ჩნდება.
კონტრაქტი მას 2026 წლის 31 დეკემბერს ეწურება და მიუხედავად იმისა, რომ გუნდში დარჩენასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, ესპანური Marca-ს ცნობით, ერთ-ერთ შესაძლო ვარიანტად ინტერ მაიამი სახელდება, კლუბი, რომელმაც შესაძლოა მისი კარიერის ბოლო ეტაპი მთლიანად შეცვალოს.
ნეიმარისა და სანტოსის ურთიერთობა შაპეკოენსესთან 2:2 დასრულებული მატჩის შემდეგ კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცა.
ბრაზილიური ge-ს ინფორმაციით, თავდამსხმელი საწვრთნელ ბაზაზე მივიდა, იქ რამდენიმე წუთი გაატარა, შემდეგ კი ტერიტორია უნებართვოდ დატოვა და ძირითად შემადგენლობაში მოთამაშეებისთვის დაგეგმილ აღდგენით ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღია.
ამ ეპიზოდმა კლუბში უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა ნეიმარი მომდევნო ვარჯიშზე დაბრუნდა და სანტოსმა გადაწყვიტა, მისთვის სანქცია არ დაეკისრებინა.
ბრაზილიელის კონტრაქტი სანტოსთან 31 დეკემბერს იწურება და თუ მხარეები შეთანხმებას არ გაახანგრძლივებენ, ნეიმარი თავისუფალი აგენტის სტატუსით საკუთარი მომავლის შესახებ მოლაპარაკებების წარმოებას შეძლებს.
თავად ფეხბურთელმა ღიად დატოვა როგორც კარიერის გაგრძელებისა და სხვა კლუბში გადასვლის, ასევე კარიერის დასრულების შესაძლებლობა.
ამ ფონზე ინტერ მაიამი განსაკუთრებით მიმზიდველ ვარიანტად გამოიყურება: იქ უკვე თამაშობენ ლიონელ მესი და ლუის სუარესი, შესაბამისად, ლეგენდარული MSN-ის გაერთიანება კვლავ შესაძლებელი გახდება.
ნეიმარი, მესი და სუარესი ბარსელონაში 2014-დან 2017 წლამდე ერთად თამაშობდნენ და ფეხბურთის უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი შემტევი ტრიო შექმნეს.
ნეიმარის მესისა და სუარესთან კიდევ ერთხელ გაერთიანების შესაძლებლობას უდიდესი სპორტული და კომერციული მიმზიდველობა აქვს, თუმცა ამავდროულად კითხვებსაც აჩენს.
ბრაზილიელი უკვე 34 წლისაა, მისი კარიერის ბოლო პერიოდი კი ტრავმებითა და სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობით გამოირჩეოდა. მისი ტალანტი ეჭვს არ იწვევს, თუმცა მთავარი კითხვა ისაა, შეძლებს თუ არა კვლავ გადამწყვეტი ფეხბურთელის როლის შესრულებას.
ამ დროისთვის ნეიმარსა და ინტერ მაიამის შორის შეთანხმება არ არსებობს. ბრაზილიელს ჯერ კიდევ აკავშირებს კონტრაქტი სანტოსთან და სწორედ მან უნდა გადაწყვიტოს, როგორ სურს კარიერის ბოლო ეტაპის წარმართვა.