ნეიმარის ყოფილმა აგენტმა, ვაგნერ რიბეირომ ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობდა ბრაზილიელის რეალში გადაყვანას, მაშინ როდესაც ბარსელონას მხრიდან მოლაპარაკებებს ანდრე კური აწარმოებდა.
რიბეიროს თქმით, ნეიმარი ჯერ კიდევ 13 წლის ასაკში იმყოფებოდა მადრიდში დაახლოებით 20 დღე, მოგვიანებით კი რეალი მისი სრულფასოვანი ტრანსფერის განხორციელებასთან ძალიან ახლოს იყო.
„მინდოდა, რომ ნეიმარი რეალში გადასულიყო. ამის გამო ყველას ვებრძოდი. გარკვეულ მომენტში ფლორენტინო პერესთან ყველაფერი შეთანხმებული იყო, მხოლოდ სანტოსის თანხმობა აკლდა. რეალის ადვოკატები ბრაზილიაში იმყოფებოდნენ და გარიგებაზე მუშაობდნენ.
მე მოლაპარაკებებს რეალთან ვაწარმოებდი, ხოლო ბარსელონასთან ანდრე კური მუშაობდა. ჩვენ ერთმანეთთან არ ვკონტაქტობდით.
ბარსელონას ყველა ფეხბურთელი ურეკავდა ნეიმარს და თავისთან ეპატიჟებოდა. რეალის მოთამაშეებიდან კი მას არავინ დაჰკავშირებია. მხოლოდ ფლორენტინო პერესი გვირეკავდა მე და ნეიმარის მამას.
როდესაც ბარსელონაში პრეზენტაციაზე ჩავედით, პრაქტიკულად უცხოსავით მექცეოდნენ. ზეიმში მონაწილეობა არ მიმიღია და გვერდზე ვიდექი.
ფეხბურთიდან წასვლაზეც კი ვფიქრობდი, რადგან რეალისა და ფლორენტინოს წინაშე ვალდებულებები მქონდა. ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას აგენტი კი არა, ფეხბურთელი იღებს. ნეიმარმა ბარსელონა აირჩია, მამამისმა კი ეს გადაწყვეტილება მოუწონა.
ამასთან, რეალის შეთავაზება რეალური იყო. კლუბი მზად იყო ნებისმიერი თანხა გადაეხადა, მათი იურისტები კი აქ [ბრაზილიაში] 15 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ“, - განაცხადა რიბეირომ.