საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, კრისტოფ დიუგარიმ კილიან მბაპეს მიერ ოქროს ბურთზე გაკეთებულ განცხადებას უპასუხა.
შეგახსენებთ, რეალის ფორვარდმა განაცხადა, რომ ჯილდოს საკუთარ თავს გადასცემდა და ამის ყველა არგუმენტი გააჩნია.
„რატომ არ შეიძლება მბაპე გახდეს მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე? გასულ სეზონში მან 44 გოლი გაიტანა და მსოფლიო ჩემპიონატებზე გატანილი გოლების რეკორდი მოხსნა. ვის შეუძლია დღეს თქვას, რომ მასზე უკეთესია? იმის მიუხედავად, რომ იდეალური არ არის და ჩემპიონთა ლიგა თუ მსოფლიო ჩემპიონატი არ მოუგია, ეს ინდივიდუალური ჯილდოა და მას აქვს უფლება, საკუთარი შანსები დაიცვას.
ეს იყო სეზონი, სადაც არცერთი მოთამაშე განსაკუთრებულად არ გამოყოფილა. არავის მოუგია ყველაფერი - არც ინდივიდუალურად და არც გუნდურად.
ვფიქრობ, მბაპე იმსახურებს ამ ჯილდოს. ის არ ამბობს, რომ ყველაფერს მიაღწია. ის უბრალოდ იცავს თავის პოზიციას. თუმცა, ამის ამ ფორმით განცხადება ჩემს გაგებას სცილდება. ეს გადამეტებულად ბავშვური და სამარცხვინოა - ინდივიდუალური ჯილდოების მათხოვრობა მაშინ, როცა ჩემპიონის ტიტული, ჩემპიონთა ლიგა ან მსოფლიო ჩემპიონატი არ მოგიგია. მიმაჩნია, რომ ეს სრულიად უადგილოა.
მეტიც, ვფიქრობ, დღეს ფეხბურთი სულ უფრო ინდივიდუალისტური ხდება და ეს გულს მირევს. საკუთარ თავზე და პირად ჯილდოებზე საუბრის ნაცვლად, გუნდზე, წარმატების გაზიარებასა და იმ ტიტულებზე უნდა ილაპარაკო, რომელთა მოგებაც ერთად გსურდათ, მაგრამ ვერ შეძელით.
მიუხედავად ამისა, მაინც მესმის, რომ მას თავი მსოფლიოში საუკეთესო მოთამაშედ მიაჩნია, თუმცა ზოგადად ასეთ მიდგომას არ ვეთანხმები“, - განაცხადა დიუგარიმ.