3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ელიტარული სპორტსმენების პროფესიული დღეგრძელობა ყოველთვის მიზანმიმართული და კოორდინირებული მუშაობის შედეგია. თუმცა, ისტორიაში საუკეთესო ჩოგბურთელმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა, რომელმაც 38 წლის ასაკში დიდი სლემის 38-ე ფინალი ითამაშა, ეს მუშაობა სრულიად ახალ დონეზე აიყვანა.
მომზადებისა და აღდგენის პროცესების ოპტიმიზაცია მან ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში დაიწყო და სხეული მისი კარიერის ცენტრალურ პროექტად იქცა მანამ, სანამ ასაკობრივი ცვლილებები გადამწყვეტ მნიშვნელობას შეიძენდა.
მას შემდეგ, რაც 2010 წელს 23 წლის ჯოკოვიჩს კვებითი აუტანლობა აღმოუჩინეს და დიეტა მკვეთრად შეუცვალეს, მან პირველი დიდებული სეზონი ჩაატარა. მას შემდეგ ის ორგანიზმს ულტრაფრთხილად ეპყრობა. მისი უგლუტენო დიეტა დროთა განმავლობაში თითქმის სრულ ვეგანობად ტრანსფორმირდა, სპორტული სასმელების რეცეპტები კი გასაიდუმლოებულ პერსონალურ მონაცემებად იქცა.
სწორედ სხეულზე ზრუნვის გამო ამბობდა ის უარს იდაყვის ოპერაციაზე 2010-იან წლებში და რამდენიმე დღე ტიროდა მისი ჩატარების შემდეგ, რადგან თვლიდა, რომ საკუთარ ორგანიზმს უღალატა. ამავე მიზეზით თქვა მან უარი კორონავირუსის ვაქცინაზეც, რის გამოც ავსტრალიიდან დეპორტაცია და ამერიკულ ტურნირებზე დაუშვებლობასთან შეგუება მოუწია.
მისი დისციპლინის საუკეთესო ილუსტრაცია კი 2012 წლის ავსტრალიის ღია პირველობის ექვსსაათიანი ფინალია, როდესაც გამარჯვების აღსანიშნავად მან საკუთარ თავს მხოლოდ ერთი ნატეხი შოკოლადის ჭამის უფლება მისცა.
კვების პარალელურად, ჯოკოვიჩმა სეზონურ ალერგიასთან ბრძოლა დაიწყო, რაც სუნთქვასა და ძილში უშლიდა ხელს. ძილი მისი განრიგის მთავარ ცენტრად იქცა; ის ამბობს კიდეც, რომ დღის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ღამეა. მოწესრიგებული ძილი, მედიტაცია და სუნთქვითი პრაქტიკები მისი რეჟიმის ყველაზე კონვენციური ნაწილია.
თუმცა, ნოვაკი ეგზოტიკურ მეთოდებსაც მიმართავს: ციკლური ბაროკამერა CVAC Pod, რომლის შესახებაც კითხვების გაჩენის შემდეგ თავის მართლება მოუწია, ან სულაც უცნაური მოწყობილობა TaoPatch იტალიური სტარტაპისგან, რომელსაც გულმკერდზე იმაგრებდა ენერგიის ოპტიმიზაციისთვის.
ჯოკოვიჩმა ადრეულ ასაკშივე მიანიჭა პრიორიტეტი მოქნილობასა და მობილობას. იოგას მსგავსი ვარჯიშები და გაჭიმვები მას არა მხოლოდ კორტზე „სრიალში“ ეხმარება, არამედ სახსრებისა და კუნთების დატვირთვისგან დაცვის საუკეთესო საშუალებაა.
ასაკთან ერთად ნოვაკი მიდგომას ცვლის. ის ხშირად უარს ამბობს მატჩებს შორის ვარჯიშზე, რადგან აღდგენას უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნევს. მის გუნდში მუდმივად არიან ვიწრო სპეციალისტები, მათ შორის ფიზიოლოგი მარკ კოვაჩი, რომელიც ბიომექანიკასა და მონაცემებზე დაფუძნებულ პროტოკოლებს იყენებს სპორტსმენის გამძლეობისთვის. ენდი მარეი, რომელიც მცირე ხნით იყო მისი გუნდის წევრი, ჰყვებოდა, რომ ნოვაკი არასდროს აძლევს სხეულს შეჩვევის საშუალებას: ერთ დღეს აუზში ვარჯიშობს, მეორე დღეს პლაჟზე დარბის, მესამე დღეს კი კალათბურთს თამაშობს.
ეს ყველაზე სპეციფიკური პუნქტია. აქ შედის ყველაფერი, რაც მის ემოციურ ფონს უწყობს ხელს: ხეებთან ჩახუტებიდან დაწყებული, სტრესის შემცირებისა და თვითშემეცნების ფილოსოფიით დამთავრებული. ერთ-ერთი გამოვლინება ამ გაცნობიერებულობისა არის კალენდრის რადიკალური შემცირება მხოლოდ დიდი სლემის ტურნირების სასარგებლოდ.
ნოვაკ ჯოკოვიჩის სპორტული დღეგრძელობა ძალიან მარტივ საფუძვლებზე დგას: სხეულზე ზრუნვა და მასთან გაცნობიერებული მუშაობა, თუმცა ამ პროცესის ყველა დეტალი ლაბორატორიულ სიზუსტემდეა დაყვანილი.
კითხვის გასაგრძელებლად
გაიარე ავტორიზაცია

ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები