-
Aa
+
ფონტის ზომა
მანჩესტერიდან ერ-რიადში გადაბარგებული კრიშტიანუ უკვე მეოთხე სეზონს ატარებს საუდის არაბეთში. მიუხედავად იმისა, რომ ამ სამი წლის განმავლობაში რონალდუმ არაბულ კლუბში 120 გოლის გატანა მოახერხა და ისტორიულ 1000-გოლიან ნიშნულს უახლოვდება, პორტუგალიელისთვის ტიტულის მოგება ჯერაც შეუსრულებელ მისიად რჩება.
კრიშტიანუ ალ ნასრს 2023 წლის იანვარში შეუერთდა და არაბეთში ფეხბურთის ვარსკვლავების დიდ გადაბარგებას ჩაუყარა საფუძველი. სეზონის პირველი ნახევრის მსგავსად, არც მეორე ნახევარი აღმოჩნდა წარმატებული პორტუგალიელისთვის - ალ ნასრმა საუდის პრო ლიგა ალ იტიჰადთან დათმო, ხოლო კინგს ქაფს ნახევარფინალიდან დაემშვიდობა. სეზონის ალბათ ყველაზე მტკივნეული მარცხი კი ისევ ალ იტიჰადთან იგემა - ალ ნასრი სუპერ თასის ნახევარფინალში 1:3 დამარცხდა.
ზაფხულში საუდის კლუბები გაძლიერდნენ. ალ აჰლიმ რიად მაჰრეზი, ედუარ მენდი, ალან საინტ-მაქსიმინი, ფრენკ კესი დაიმატა და რობერტო ფირმინო დაიმატა. ალ იტიჰადმა კარიმ ბენზემა, ფაბინიო და ნგოლო კანტე. ალ ჰილალმა ნეიმარი, მალკომი, რუბენ ნევეში, ალექსანდრ მიტროვიჩი, მილინკოვიჩ-სავიჩი, კალიდუ კულიბალი და იასნი ბონო. ალ ეტიფაკმა ჯორდან ჰენდერსონი, დემერაი გრეი, ჯინი ვაინალდუმი და მუსა დემბელე. ოტავიო, სადიო მანე, აემერიკ ლაპორტი, სეკო ფოფანა, მარსელო ბროზოვიჩი და ალექს ტელესი კი კრიშტიანუს თანაგუნდელები გახდნენ.
წარუმატებელი აღმოჩნდა რონალდუს პირველი ასპარეზობა აზიის ჩემპიონთა ლიგაზე - ალ ნასრი ტურნირს მეოთხედფინალიდან გამოეთიშა. შიდა ასპარეზზე კრიშტიანუს ნამდვილ კოშმარად ალ ჰილალი იქცა - თანაქალაქელებმა პორტუგალიელის გუნდი ჯერ საუდის სუპერ თასიდან გააგდეს, შემდეგ თასის ფინალი მოუგეს, ბოლოს კი საჩემპიონო მარათონი.
2024 წლის 17 აგვისტოს, საუდის არაბეთის სუპერ თასის ფინალში ერ-რიადის დერბი შედგა. ტაიმი ალ ნასრმა ალ ჰილალს კრიშტიანუს გოლით მოუგო. მეორე ტაიმში შოუ ალექსანდრ მიტროვიჩმა მოიპარა - სერბის ორს გოლსა და საგოლე გადაცემას მალკომის გოლი დაემატა. 4-1.
2024/25 წლების სეზონის ტრიუმფატორი კარიმ ბენზემას ალ იტიჰადი გახდა - ჯიდას გუნდმა არაბეთის ჩემპიონობა მეთოთხმეტედ იზეიმა. ჩემპიონთა ლიგაზე ალ ნასრი ამჯერად ნახევარ ფინალში დამარცხდა, კინგს ქაფს კი საწყის ეტაპზევე გამოეთიშა.
2025/26 წლების სეზონის სტარტზე რონალდუმ კიდევ ერთი სუპერ თასის ფინალი წააგო - ამჯერად ალ ნასრი ალ აჰლიმ დაამარცხა. რიადულ კლუბს არც სათასე მარათონი გამოუვიდა წარმატებული - კარიმ ბენზემასა და აუარის გოლებით ალ იტიჰადმა 2:1 დაამარცხა ალ ჰილალი.
წარმატებული გამოდგა აზიის ჩემპიონთა ლიგა 2-ზე ასპარეზობა, რაც რანგით მეორე საერთაშორისო ტურნირია - კრიშტიანუს გუნდმა ფინალში გასვლა მოახერხა - 16 მაისს, ალ ნასრი იაპონურ გამბა ოსაკას დაუპირისპირდება.
ალ ნასრი საუდის პრო ლიგას თებერვლიდან ლიდერობს. პორტუგალიელის გუნდი მრავალი ტურის მანძილზე ინარჩუნებდა ხუთ ქულიან უპირატესობას ალ ჰილალთან, რომელსაც თებერვალში კარიმ ბენზემა შეუერთდა.
თვეების განმავლობაში ყველაფერი კრიშტიანუს ნანატრი არაბული ტიტულისკენ მიდიოდა, ბოლო კვირაში განვითარებულმა მოვლენებმა კი არაერთი ეჭვი გააჩინა. ალ ნასრმა ქულები დაკარგა, ალ ჰილალმა კი გამოტოვებული მატჩი მოიგო და ქულათა სხვაობა ორამდე შეამცირა.
არაბული საფეხბურთო სამყარო საჩემპიონო დერბის მოლოდინშია - კრიშტიანუ რონალდუს ალ ნასრი 32-ე ტურში კარიმ ბენზემას ალ ჰილალს უმასპინძლებს. მატჩი სამშაბათს, 12 მაისს, 22:00 გაიმართება. კრიშტიანუს არაბული გვალვის დასრულების შესაძლებლობა ოთხ დღიან შუალედში ორჯერ მიეცემა.

ნიკოლოზ კვარაცხელია
კომენტარები