არსენალის ყოფილი ფეხბურთელი, ჟერემი ალიადიერი მიიჩნევს, რომ ლონდონურმა კლუბმა ხვიჩა კვარაცხელიასა და ნიკო უილიამსის შესაძენად შესაძლოა გუნდის ლიდერების გაყიდვაზეც კი წავიდეს.
მისი თქმით, მიკელ არტეტას გუნდს ტიტულების მოსაგებად სუფთა სისხლი, ახალი ენერგია და გამარჯვებულის მენტალიტეტი ესაჭიროება.
გუნდის განახლების საჭიროება
ალიადიერი ამტკიცებს, რომ კვარაცხელია და უილიამსი არსენალის შემტევი ხაზისთვის იდეალური გაძლიერება იქნებოდა. თუმცა, ფინანსური წესების (FFP) გათვალისწინებით, ასეთი დონის ფეხბურთელების შესაძენად კლუბს ფინანსების გამომუშავება დასჭირდება, რამაც შესაძლოა ლეანდრო ტროსარისა და გაბრიელ მარტინელის გაყიდვის ჭორები გაამყარა.
ხვიჩა კვარაცხელია და ნიკო უილიამსი არსენალისთვის შესანიშნავი შენაძენები იქნებოდნენ. ფინანსური წესების გათვალისწინებით, ასეთი მოთამაშეების მოსაყვანად ალბათ გაყიდვები დაგჭირდებათ და ბევრია საუბარი იმაზე, რომ ტროსარი და მარტინელი თანხის გენერირებისთვის შეიძლება გაყიდონ. ფეხბურთში დგება მომენტი, როცა გარკვეულ კლუბში დიდხანს ყოფნის შემდეგ ახალი გამოწვევები გჭირდება. საქმე მათ ხარისხში კი არა, ახალი ენერგიისა და გამარჯვების წყურვილის საჭიროებაშია
გამარჯვებულის მენტალიტეტი
ალიადიერის აზრით, ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც შარშან ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ზუსტად ის გამარჯვებულია, რომელიც არსენალს ტიტულების მოსაპოვებლად აკლია.
შესაძლოა, დროა, ზოგიერთი წავიდეს და მოვიდნენ მოთამაშეები, რომლებსაც უფრო დიდი სურვილი აქვთ წინსვლის. კვარაცხელია გამარჯვებულია. ის ტიტულებს მარჯვნივ და მარცხნივ იგებს, მან იცის, როგორ უნდა გაიმარჯვო. ის კლუბისთვის საოცარი ტრანსფერი იქნებოდა, თუმცა დარწმუნებული ვარ, მანამდე რამდენიმე მოთამაშე უნდა გაყიდონ
ამჟამად არსენალის ხელმძღვანელობისთვის ეს ზაფხული გადამწყვეტი იქნება: კლუბმა უნდა გადაწყვიტოს, ღირს თუ არა სათამაშო სიღრმის მსხვერპლად შეწირვა მსოფლიო დონის გამოცდილების მისაღებად, განსაკუთრებით ნიკო უილიამსის გრძელვადიანი კონტრაქტის გათვალისწინებით. კვარაცხელია კი, რომელიც ამჟამად პარი სენ-ჟერმენის ევროპულ წარმატებას უდგას სათავეში, არსენალისთვის უდავოდ ყველაზე ამბიციური სამიზნე იქნება.