კოლუმბიურ მედელინსა და ბრაზილიურ ფლამენგოს შორის გამართული ლიბერტადორესის თასის მატჩი ხუთშაბათს დრამატულად შეწყდა.
შეხვედრის დაწყებიდან სულ რაღაც სამი წუთი იყო გასული, როდესაც მასპინძელი გუნდის გულშემატკივრებმა მოედანზე მაშხალების სროლა და სხვადასხვა ნივთების დაშენა დაიწყეს.
როგორც ირკვევა, ინციდენტი სტადიონზე წინასწარ დაგეგმილი პროტესტი იყო. კოლუმბიელი გულშემატკივრები ამ ფორმით კლუბის მენეჯმენტს დაუპირისპირდნენ მას შემდეგ, რაც გუნდმა ადგილობრივ ჩემპიონატში წარუმატებლად იასპარეზა და მე-11 ადგილზე გასვლის გამო ტურნირს გამოეთიშა.
მსაჯმა ხესუს ვალენსუელამ ფეხბურთელები დაუყოვნებლივ გასახდელებში გაიყვანა, მოგვიანებით კი სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაციამ (CONMEBOL) მატჩი საბოლოოდ გაუქმებულად გამოაცხადა. სადისციპლინო კოდექსის თანახმად, რადგან შეხვედრის შეწყვეტაზე პასუხისმგებლობა მასპინძელ მხარეს დაეკისრა, ფლამენგოს ავტომატურად 3:0 გამარჯვება მიენიჭა.
შეჩერების დროს ფლამენგოს ფეხბურთელმა ჟორჟინიომ სოციალურ ქსელში გასახდელიდან ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჩანან მისი თანაგუნდელები ევერტონ სებოლინია, აირტონ ლუკასი და სხვები წარწერით: „ჩვენ კარგად ვართ და ველოდებით“.