ბრიტანული გამოცემა The Athletic-ის ინფორმაციით, იბრაჰიმა კონატე უფრო მეტად მერსისაიდულ კლუბში დარჩენისკენ იხრება, ვიდრე წასვლისკენ.
მიუხედავად იმისა, რომ სეზონის დასრულებამდე სულ ცოტა დრო რჩება, ფრანგი მცველის მომავალთან დაკავშირებით ვითარება შეიცვალა, მისი წასვლა ახლა ნაკლებად სავარაუდოა, ვიდრე რამდენიმე თვის წინ ჩანდა. ხელფასის მომატება და ახალი პირობები კონატეს მოქმედი კონტრაქტი 30 ივნისს იწურება და მხარეებს შორის შეთანხმება ჯერჯერობით მიღწეული არ არის.
ფეხბურთელს სურს, კარიერა ენფილდზე გააგრძელოს, თუმცა არა ნებისმიერ ფასად. ამჟამად მისი ყოველკვირეული ხელფასი 150 000 ფუნტს (დაახლოებით 170 000 ევრო) შეადგენს, ფეხბურთელის გარემოცვა კი ითხოვს, რომ ახალი ხელშეკრულებით იბრაჰიმა გუნდის ყველაზე მაღალანაზღაურებად მოთამაშეებს მიუახლოვდეს.
რეალ მადრიდის ინტერესი და ჩემპიონთა ლიგის ფაქტორი
ფინანსური მხარე ერთადერთი ფაქტორი არ არის. კონატე აკვირდება მოვლენების განვითარებას და ელოდება, რა შეთავაზებები ექნება სხვა ევროპული გრანდებისგან. ყველაზე მეტად რეალი აქტიურობს, რომელმაც ცენტრალური მცველის მიმართ ინტერესი ჯერ კიდევ გასულ ზამთარს გამოხატა.
გარდა ამისა, კონატეს გადაწყვეტილებაზე დიდ გავლენას მოახდენს ლივერპულის სატურნირო მდგომარეობაც. თუ არნე სლოტის გუნდი მომავალი სეზონის ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებს, ფრანგმა შესაძლოა ახალ კონტრაქტზე ხელის მოწერისგან თავი შეიკავოს.
სტატისტიკა და მნიშვნელობა
გუნდისთვის მიმდინარე სეზონში კონატე არნე სლოტის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა. მან ყველა ტურნირზე 41 მატჩში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 39-ჯერ ძირითად შემადგენლობაში იყო და 2 გოლის გატანაც მოახერხა.