ლივერპულმა რენის 20 წლის ფრანგი მცველის, ჯერემი ჟაკეს ტრანსფერი ოფიციალურად დაასრულა.
გარიგება, რომელიც ჯერ კიდევ იანვარში იყო შეთანხმებული, 55 მილიონი დაჯდა და შესაძლოა, ბონუსების სახით კიდევ 5 მილიონით გაიზარდოს. ფეხბურთელმა ინგლისურ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. შეთანხმება კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივების პერსპექტივას ითვალისწინებს.
ჟაკეს ლივერპულში გადასვლა იბრაჰიმა კონატეს შემცვლელად განიხილება, რომელმაც კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და მადრიდის რეალს შეუერთდა. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა მცველი თებერვლიდან მხრის ტრავმის გამო მოედანზე არ გასულა, სამედიცინო შტაბი მის დაბრუნებას წინასასეზონო მოსამზადებელი პერიოდისთვის ელოდება.
ჯერემი ჟაკეს ტრანსფერი ლივერპულის დაცვის ხაზისთვისაა მნიშვნელოვანი, სადაც ასევე ტრავმირებულია ჯოვანი ლეონი, რაც გუნდს ცენტრალური მცველების არჩევანში ზღუდავდა.
აღსანიშნავია, რომ ჯერემი ჟაკეს ტრანსფერი ლივერპულის ზაფხულის სატრანსფერო კამპანიის ნაწილია. კლუბმა უკვე დაიმატა ესპანელი გარემარბი ვიქტორ მუნიოსი, რომელშიც 34 მილიონი ფუნტი გადაიხადა.
მიუხედავად გულშემატკივრების გარკვეული სკეპტიციზმისა კონატეს უფასოდ დაკარგვასთან დაკავშირებით, კლუბის ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ ჟაკე ვირჯილ ვან დაიკთან ერთად დაცვის ცენტრს გაამყარებს და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახდება.