ალექსანდრ ისაკი თავისი ყოფილი კლუბის, რეალ სოსიედადის ბაზაზე ვარჯიშობს.
შვედი ფორვარდი ნიუკასლთან ერთად პრესეზონის გასავლელად დაზიანების გამო არ გაემგზავრა და მალევე, კლუბს ლივერპულში გადასვლის სურვილი გამოუთქვა.
Sky Sports-ის ინფორმაციით, ნიუკასლმა ისაკის ადგილმდებარეობის შესახებ იცის, რომელიც ბარძაყის უმნიშვნელო ტრავმისგან გამოჯანმრთელებას აგრძელებს.
სოსიედადის ყოფილი ფორვარდი ბასკური კლუბის სავარჯიშო ბაზას თავის პერსონალთან ერთად იყენებს, სანამ ფეხბურთელები შვებულებაში არიან.
აღინიშნება, რომ თუ ისაკი ნიუკასლს ამ ზაფხულს დატოვებს, სოსიედადი თანხის 10%-ს მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ ფეხბურთელი 70 მილიონ ევროზე მეტად გაიყიდება. გარდა ამისა, ესპანელები ფიფასგან სოლიდარობის პროგრამის ფარგლებში თანხის 2%-ს მიიღებენ.
ალექსანდრ ისაკი სოსიედადში 2019 წელს დორტმუნდიდან გადავიდა და კლუბში 3 წელი გაატარა, რის შემდეგაც, 2022 წელს, კლუბისთვის სარეკორდო 63 მილიონ ფუნტად ნიუკასლში აღმოჩნდა.