ლოდინი დასრულებულია - დღეს 2025 წლის ევრობასკეტზე პირველ მატჩს საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები გამართავს.
ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში საქართველოს მეტოქე მოქმედი ევროპის ჩემპიონი, ესპანეთის ნაკრები იქნება.
ფურია როხაში დიდი ეპოქა სრულდება - გუნდს ამ ზაფხულის შემდეგ ლეგენდარული მწვრთნელი, სერხიო სკარიოლო დატოვებს, რომელიც ნაკრების ისტორიაში 4-ვე ევროპული ტრიუმფის მთავარი შემქმნელია.
თავის მხრივ, საქართველოს ნაკრები ალექსანდრ ჯიკიჩთან ერთად თავის პირველ ევრობასკეტს ატარებს - სამი წლის წინ ჩვენს ნაკრებს ჯერ კიდევ ილიას ზუროსი წვრთნიდა და საინტერესოა, რომ ესპანეთთან შეტაკება მაშინაც მოგვიწია და 64:90 გავნადგურდით.
ზოგადად, ესპანეთის საკალათბურთო ნაკრებთან არც ისე სახარბიელო ურთიერთშეხვედრების ისტორია გვაქვს, თუმცა ერთი დასამახსოვრებელი გამარჯვება მაინც მოვიპოვეთ - 2022 წელს მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ 67:67 დასრულდა, დამატებით დროში კი ჩვენმა ბიჭებმა 6 ქულით მეტი ჩააგდეს კალათში და 82:76 მოვიგეთ.
ბუნებრივია, დღეის მსგავსად, მაშინაც მატჩის აშკარა ფავორიტი ესპანეთის ნაკრები იყო, თუმცა გიორგი შერმადინის და რატი ანდრონიკაშვილის გმირობები საკმარისი აღმოჩნდა მათ დასამარცხებლად.
მთლიანობაში ესპანეთთან 4 მატჩი გვაქვს ჩატარებული და იმ ერთი გამარჯვების გარდა, 3-ჯერ დავმარცხდით. ბოლო შეხვედრა კი 2022 წლის ევრობასკეტით თარიღდება.
მატჩი დღეს, 28 აგვისტოს, თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.