ესპანურმა სპორტულმა გიგანტმა, Marca-მ 2025/26 წლების სეზონის მსოფლიოს 100 საუკეთესო ფეხბურთელის რეიტინგი გამოაქვეყნა.
გამოკითხვაში, სადაც 100 ნომინანტიდან 15 რჩეული უნდა შეერჩიათ, მონაწილეობა 226-მა ჟურნალისტმა, მწვრთნელმა და ყოფილმა მოთამაშემ მიიღო. ქართველი გულშემატკივრისთვის შედეგები საამაყოა - პარი სენ-ჟერმენის შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია სიაში მეხუთე პოზიციას იკავებს და უკან იტოვებს ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიც ლიონელ მესი (მე-6 ადგილი) და უსმან დემბელე (მე-9 ადგილი) არიან.
'Los 100 de MARCA by Orange'-ის მთავარი პრიზი ბაიერნის ინგლისელ ფორვარდს, ჰარი კეინს ერგო (3962 ქულა), რომელმაც სეზონში ჩატარებულ 51 საკლუბო შეხვედრაში 61 გოლი მიითვალა.
მეორე ადგილზე ბარსელონას ტალანტი, ლამინ იამალი (3937 ქულა) გავიდა, სამეული კი მადრიდის რეალის ფრანგმა ვარსკვლავმა, კილიან მბაპემ (3440 ქულა) შეკრა.
მეოთხე პოზიცია როდრიმ დაიკავა.
კვარაცხელიამ გასულ სეზონში პსჟ-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგა, ლიგა 1, საფრანგეთის სუპერთასი,უეფას სუპერთასი და საკონტინენტთაშორისო თასი მოიგო. ევროპის მთავარ ტურნირზე ჩატარებულ 16 მატჩში მან 10 გოლი და 6 საგოლე გადაცემა დააგროვა, რითაც ტურნირის საუკეთესო მოთამაშის სტატუსი დაიმსახურა (ჯამში 48 მატჩი, 19 გოლი და 11 ასისტი).