გასული სეზონის ბოლოს მადრიდის რეალის ბანაკში სერიოზულმა სკანდალმა იფეთქა.
მედიაში აქტიურად იწერებოდა, რომ ორელიენ ჩუამენისა და ფედე ვალვერდეს შორის გასახდელში მწვავე დაპირისპირება მოხდა, რის გამოც კლუბმა ორივე ფეხბურთელი ფინანსურადაც კი დააჯარიმა.
დიდხნიანი დუმილის შემდეგ, ფრანგმა ნახევარმცველმა გადაცემა The Bridge-ში ამ თემაზე პირველად ისაუბრა ღიად. ჩუამენიმ კატეგორიულად უარყო ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი და მედიის მიერ გავრცელებულ ჭორებს გაბერილი უწოდა, თუმცა დაადასტურა, რომ იდეალური სიტუაცია ნამდვილად არ ყოფილა.
მისი თქმით, გასახდელში მსგავს ინციდენტებს ყოველთვის აქვს ადგილი და მართალია მათ ერთმანეთზე ხელი არ აუწევიათ, მაგრამ „შეუფერებელი რაღაც ნამდვილად მოხდა“. ფრანგი ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ მთავარი პრობლემა კლუბის სტატუსია, რეალში მომხდარი უმცირესი დეტალიც კი პრესის მიერ გიგანტურ სკანდალად ინათლება და უბრალო გაუგებრობა მომენტალურად კრიზისად საღდება.
ნახევარმცველის განცხადებით, დაძაბულობა ელიტარული სპორტის განუყოფელი ნაწილია. დღესდღეობით მასსა და ურუგვაელ თანაგუნდელს შორის იდეალური ურთიერთობაა და მომხდარმა ინციდენტმა ისინი მოედანზეც და მის მიღმაც კიდევ უფრო დააახლოვა.