წლის ერთ-ერთი ყველაზე მოლოდინით სავსე მატჩის წინ, ბარსელონა სერიოზულმა შიდა კრიზისმა მოიცვა.
კატალონიური კლუბის 60-მდე თანამშრომელმა, რომლებიც ლოჯისტიკურ საკითხებზე არიან პასუხისმგებელნი, მასობრივი გაფიცვა დაიწყო.
შრომით სასამართლოში გამართული მოლაპარაკებები სრული კრახით დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საპროტესტო აქცია პარასკევიდან ორშაბათის დილამდე გაგრძელდება. გაფიცულები გაუსაძლის სამუშაო პირობებს აპროტესტებენ და სპორტული ღონისძიებების სათანადოდ ორგანიზებისთვის პერსონალის დამატებას ითხოვენ.
შექმნილი ქაოსის ფონზე,მთავარი კითხვა კამპ ნოუზე გასამართი ელ კლასიკოს ბედს ეხება. მიუხედავად იმისა, რომ კლუბის ხელმძღვანელობა ფანებს ამშვიდებს და აცხადებს, რომ მადრიდის რეალთან კვირას ჩანიშნული დაპირისპირება ჩვეულ რეჟიმში ჩატარდება, დაძაბულობა მაინც პიკს აღწევს.
საფრთხის ქვეშ მხოლოდ ფეხბურთელთა მთავარი გუნდი არ არის. გაფიცვა პირდაპირ ურტყამს ბარსელონას ქალთა გუნდის შაბათის მატჩს გრანადასთან, ასევე საკალათბურთო და სახელბურთო კლუბების უახლოეს საშინაო შეხვედრებს. კლუბის შიგნით არსებული ეს სკანდალი ესპანური ფეხბურთის მთავარ დღესასწაულს სერიოზულ საფრთხეს უქმნის.