კილიან მბაპე მიიჩნევს, რომ საფრანგეთის ნაკრებმა ესპანეთთან მატჩში სათანადო დონე ვერ აჩვენა. ფრანგები მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში 0:2 დამარცხდნენ.
„მატჩი ისეთი არ გამოვიდა, როგორიც გვინდოდა - არც ტაქტიკურად, არც ტექნიკურად და არც ჩვენი დონის თვალსაზრისით. თუ არ აკეთებ იმას, რაც მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში უნდა გააკეთო, ვერ გაიმარჯვებ.
ესპანეთი მიჰყვებოდა თავის გეგმას, რაც მათთვის დამახასიათებელია - უყვართ ბურთის ფლობა და თამაშის ტემპის კონტროლი. ჩვენი იდეა იყო, რომ მაღალი პრესინგი გვეთამაშა და ეს რითმი არ მიგვეცა, მაგრამ ეს ვერ შევძელით. ზედმეტად ბევრი ტექნიკური შეცდომა დავუშვით და მეტოქეს პრობლემები ვერ შევუქმენით მაშინ, როდესაც ეს ყველაზე მეტად გვჭირდებოდა.
ნება მივეცით, ტემპი თავად ეკარნახათ. ჩვენ უნდა შეგვეცვალა ძალთა ბალანსი და სწორედ ეს ვერ მოვახერხეთ. პრესინგის გამო, თავიდანვე, მოედნის ცენტრში ყოველთვის სამნი ორის წინააღმდეგ ვრჩებოდით, ესპანეთის წინააღმდეგ კი ეს უკვე ძალიან რთულია. ფაბიან რუისს და როდრის საკმარისი დრო ჰქონდათ, პრესინგში კი ურთიერთგაგება გვაკლდა.
პერსონალურად უნდა გვეთამაშა, მეტოქე გვეიძულებინა ჩვენთან ერთად ერბინა, რადგან ამ გუნდს უბურთოდ სირბილი არ უყვარს. და მაშინაც კი, როდესაც ბურთს ვიბრუნებდით, პირველი გადაცემები და პირველი შეხებები მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალის დონეს არ შეესაბამებოდა. საბოლოოდ, სწორედ ამ დეტალებისგან შედგა ჩვენი მარცხი.
ძალიან იმედგაცრუებული ვარ, ისევე როგორც ყველა. ვოცნებობდით ფინალში გასვლაზე, ჩვენი ქვეყნისთვის ოცნების ჩუქებასა და ისტორიის დაწერაზე... ახლა ეს რეალობა თავაწეულებმა უნდა მივიღოთ.
იმედგაცრუება დიდია, ამას სიტყვებით ვერ გადმოვცემ. ძალები უნდა მოვიკრიბოთ, დავისვენოთ და წინ ვიაროთ. ფეხბურთი არავის ელოდება. საკლუბო და სანაკრებო დონეზე კიდევ ბევრი სხვა გამოწვევა იქნება“, - განაცხადა მბაპემ M6-თან ინტერვიუში.