10 ოქტომბერს, 15:30 საათზე ეროვნული ლიგის 28-ე ტურის ფარგლებში ტყიბულის მეშახტე თბილისის იბერია 1999-ს უმასპინძლებს.
სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ორივე გუნდისთვის შეხვედრას პრინციპული მნიშვნელობა აქვს. იბერია 1999 27 ჩატარებული მატჩის შემდეგ მოპოვებული 46 ქულით ჩემპიონობისთვის იბრძვის და ლიდერ დინამო თბილისს მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება, ხოლო მეშახტე 17 ქულით სატურნირო ცხრილის ბოლო პოზიციაზე იმყოფება.
გუნდები ისტორიაში ერთმანეთს ოთხჯერ შეხვდნენ. პირველად ეს დავით ყიფიანის თასზე მოხდა, სადაც იბერიამ მეშახტეს 0-3 მოუგო.
წინა სეზონში გუნდები ერთმანეთს უკვე სამჯერ დაუპირისპირდნენ და სამივედ ეროვნული ლიგის ეგიდით. 11 აპრილს გამართული პირველი ტურის შეხვედრა თბილისში ფრედ 2:2 დასრულდა, ხოლო მომდევნო ორ მატჩში გამარჯვება იბერია 1999-ს დარჩა - 2 მაისს სტუმრად 4:1 და 23 ივნისს შინ 2:1.
თბილისური კლუბისთვის, რომელიც პარალელურად კონფერენსლიგის ძირითადი ეტაპის მატჩებისთვის ემზადება, აღნიშნულ შეხვედრაში 3 ქულის მოპოვება საჩემპიონო რბოლის გაგრძელებისთვის აუცილებელი პირობაა.