-
Aa
+
ფონტის ზომა
მართალია, 39 წლის არგენტინელმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ესპანეთთან მარცხით (სადაც ზედიზედ მეორე მუნდიალის მოგება შეეძლო) სრულყოფილი დასასრული ვერ მიიღო, თუმცა მისი მემკვიდრეობა ფეხბურთის ისტორიაში უკვე სამუდამოდ არის ჩაწერილი.
8-გზის ოქროს ბურთის მფლობელი ნაკრებიდან მიდის როგორც მსოფლიო ჩემპიონი და კოპა ამერიკის ორგზის გამარჯვებული.. ადამიანი, რომელიც გამოვიდა დიეგო მარადონას უზარმაზარი ჩრდილიდან და შექმნა საკუთარი, სრულიად დამოუკიდებელი მემკვიდრეობა
ბარსელონაში მიღწეული წარმოუდგენელი წარმატებების მიუხედავად, მესის სანაკრებო კარიერა წლების განმავლობაში სწორედ იმით ფასდებოდა, რაც მას არ ჰქონდა მოგებული.
2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატისა და 2015-2016 წლების კოპა ამერიკის ფინალებში მარცხმა გულშემატკივრებში გააჩინა შიში, რომ საერთაშორისო დიდება მესის გვერდს აუვლიდა. 2016 წლის ფინალის შემდეგ კი, სასოწარკვეთილმა ფეხბურთელმა ნაკრებიდან წასვლის შესახებაც განაცხადა, თუმცა მალევე დაბრუნდა და ისტორია ნელ-ნელა შეიცვალა.
გარდამტეხი მომენტი ლიონელ სკალონის დანიშვნა იყო. ახალმა მწვრთნელმა გუნდი ისე ააშენა, რომ მთელი ტვირთი მხოლოდ კაპიტანზე არ ყოფილიყო გადატანილი. მან მესის გარშემო ენერგიული და მებრძოლი ფეხბურთელები შემოიკრიბა.
ყველაფერი 2021 წლის კოპა ამერიკით შეიცვალა, სადაც არგენტინამ ბრაზილიას მარაკანაზე მოუგო. ამას მოჰყვა 2022 წლის ისტორიული მსოფლიო ჩემპიონატი ყატარში, სადაც მესიმ 7 გოლი (მათ შორის 2 ფინალში) გაიტანა და საფეხბურთო სამყაროში საკუთარ სტატუსს საბოლოოდ დაუსვა წერტილი.
საინტერესოა, რომ მესის სამშობლოში ხშირად უფრო კატალონიელად აღიქვამდნენ, ვიდრე არგენტინელად, რადგან ის როსარიოდან ბარსელონაში 13 წლის ასაკში გაემგზავრა. თუმცა, წარმატებებთან ერთად, ეს დამოკიდებულება სრულად შეიცვალა.
წარსული წარუმატებლობის ცრემლები და იმედგაცრუება სიმღერებად, მურალებად და ზეიმად იქცა. მარადონასთან შედარებები არ გამქრალა, მაგრამ მათ დამდნაშაულებრივი წონა დაკარგეს. მესი გახდა არგენტინის მესი.
მიუხედავად იმისა, რომ 2026 წლისთვის 39 წლის ფეხბურთელს ასაკი დაეტყო და მინდორზე უფრო მეტს დადიოდა, ვიდრე დარბოდა, მისი საფეხბურთო ინტელექტი, პასის სიზუსტე და სივრცეების ხედვა კვლავ უმაღლეს დონეზე დარჩა.
მისი სტატისტიკა (მონაწილეობა 6 მსოფლიო ჩემპიონატზე, 21 გატანილი გოლი) მას საერთაშორისო ფეხბურთის გიგანტებს შორის აყენებს, თუმცა მხოლოდ ციფრები ვერ ასახავს იმ გზას, რომელიც მან მოლოდინიდან უარყოფამდე, შემდეგ კი გულისტკივილიდან გაღმერთებამდე განვლო. ის ნაკრებიდან მიდის როგორც ადამიანი, რომელმაც არგენტინული ფეხბურთის ისტორია შეცვალა.

თამარ თაბუკაშვილი
კომენტარები