ინგლისური ფეხბურთის ლეგენდამ, გარი ლინეკერმა ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს სანაკრებო კარიერის ფინალური აკორდები შეაფასა.
ინგლისელმა ყოფილმა ვარსკვლავმა პორტუგალიელის ირგვლივ ატეხილი სკანდალის გამო გულისწყვეტა არ დამალა.
ლონდონში გამართულ კონფერენციაზე ლინეკერმა აღნიშნა, რომ 41 წლის რონალდუსა და ჟორჟე ჟესუსის დაპირისპირება ძალიან დასანანია. მისი თქმით, კრიშტიანუს დონის ლეგენდა გაცილებით უკეთეს და საზეიმო დამშვიდობებას იმსახურებს, ზუსტად ისეთს, როგორიც მესის ჰქონდა.
არგენტინელმა ვარსკვლავმა ბუენოს-აირესში, ბენინის წინააღმდეგ 3:0 მოგებულ შეხვედრაში გოლი და ორი ასისტი მიითვალა, გულშემატკივრებმა კი ის ტრიუმფით გააცილეს. ლინეკერის თქმით, წლების შემდეგ ამ დაძაბულობას აღარავინ გაიხსენებს და მხოლოდ ფეხბურთელების სიდიადე დარჩება ისტორიას, თუმცა რონალდუ ახლა ნამდვილად იმსახურებდა ისეთივე ემოციურ გაცილებას, როგორიც ლეოს მოუწყვეს.
პარალელურად, ლინეკერმა თანამემამულე ჰარი კეინზეც ისაუბრა, რომელმაც ინგლისის ნაკრების მაისურით 125-ე მატჩი ჩაატარა და პიტერ შილტონის ისტორიული რეკორდი გაიმეორა. ყოფილმა თავდამსხმელმა კეინს ინგლისის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე უწოდა და ხაზი გაუსვა მის მრავალმხრივ ნიჭს, ის არა მხოლოდ საჯარიმოს მოთამაშეა, არამედ შესანიშნავად ანაწილებს პასებს და ნებისმიერი პოზიციიდან შეუძლია გოლის გატანა.