მილანის გულშემატკივრებმა ატალანტასთან მარცხის (2:3) შემდეგ გუნდს ზურგი აქციეს.
სტადიონზე სტვენა და უკმაყოფილება არ წყდებოდა ყველას მისამართით, ხელმძღვანელობიდან დაწყებული, რაფა ლეაუთი დამთავრებული.
როსონერი მოედანზე ნელი, ნერვიული და ურიტმო ჩანდა. სკუდეტოსთვის ბრძოლიდან გუნდი მეოთხე ადგილამდე ჩამოქვეითდა (67 ქულა, რომასთან ერთად), რაც მომავალი სეზონის ჩემპიონთა ლიგის საგზურს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. სტატისტიკა საგანგაშოა: ბოლო 8 მატჩში მილანმა მხოლოდ 7 ქულა დააგროვა.
გულშემატკივრების უკმაყოფილება მატჩის დაწყებამდე დაიწყო. სან სიროს დიდმა ნაწილმა კლუბის აღმასრულებელ დირექტორს, ჯორჯო ფურლანის, გადადგომისკენ მოუწოდა. სტადიონის გარეთ გამოიფინა ბანერი "Furlani get out", ხოლო შიგნით გულშემატკივრებმა "GFOUT" წარადგინეს.
ერთ-ერთი ყველაზე დრამატული მომენტი მეორე ტაიმის დასაწყისში დადგა, როდესაც Curva Sud-მა პროტესტის ნიშნად სტადიონი დატოვა. ამ ჟესტმა კლუბსა და გულშემატკივრებს შორის სრული გაუცხოება დაადასტურა.
რაფა ლეაუმ კიდევ ერთი უფერული მატჩი ჩაატარა. როდესაც ის მოედნიდან გაჰყავდათ, სტადიონზე გამაყრუებელი სტვენა გაისმა. გულშემატკივრები მე-10 ნომრისგან გაცილებით მეტს ელიან, თუმცა ის ამ დროისთვის გუნდის ლიდერად არ გამოიყურება.
ქაოსის ფონზე, ტრიბუნებიდან რამდენჯერმე გაისმა პაოლო მალდინის სახელი. ფანები ლეგენდარული კაპიტნის დაბრუნებას ითხოვენ, რადგან თვლიან, რომ სწორედ ის განასახიერებდა იმ „მილანიზმოს“, რომელიც კლუბმა 2022 წლის სკუდეტოს შემდეგ დაკარგა.