საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, პრესკონფერენციაზე ერთა ლიგის მომავალ გათამაშებაზე ისაუბრა.
"მხოლოდ ამ ოთხ მატჩზე ვერ ვიფიქრებ, ექვსივე შეხვედრა ერთიანი ტურნირის ნაწილია. ჩემთვის მთავარი ქულების კონკრეტული რაოდენობა კი არა, ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებაა.
6 წლის წინ საქართველო D ლიგაში თამაშობდა. შემდეგ იყო C ლიგა, B ლიგა, გასულ გათამაშებაში კი ამ დონეზე ადგილის შენარჩუნება შევძელით.
ეს რთული ამოცანა იყო, შესაძლოა, იმაზე რთულიც, ვიდრე ბევრს ეგონა, რადგან ძლიერი მეტოქეები გვყავდა. რთულია ამჟამინდელი ჯგუფიც, თუმცა ახლა მეტი გამოცდილება გვაქვს.
ფეხბურთელებთან ამ თემაზე ბოლო პერიოდში არ მისაუბრია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველა A ლიგაში თამაშზე ოცნებობს. გვინდა, იქ მოვხვდეთ და ყოველ მატჩში უძლიერეს ნაკრებებს დავუპირისპირდეთ.
ჩვენი მიზანი პირველი ადგილია, თუმცა დარწმუნებული ვარ, იგივე სურთ უკრაინას, უნგრეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიასაც. ჯგუფში მეტწილად თანაბარი დონის გუნდები არიან, ამიტომ რთული, მაგრამ ძალიან საინტერესო მატჩები გველის." - ფრანგის სიტყვებს ეროვნული ნაკრების გვერდი ციტირებს.
,,სამი ფეხბურთელის დასახელება შემიძლია" - სანიოლი ოქროს ბურთზე