ხორვატიის ნაკრების ლიდერმა, ლუკა მოდრიჩმა ინგლისთან მძიმე სასტარტო მატჩის წინ მეტოქეები გააფრთხილა და განაცხადა, რომ მისი გუნდი არავის წინაშე არ დაიხევს.
მილანის 40 წლის ნახევარმცველისთვის ეს უკვე მეხუთე მუნდიალია, თუმცა ვეტერანი ვარსკვლავი კარიერის დასრულებაზე ან საკუთარ მომავალზე საუბარს ამ ეტაპზე კატეგორიულად ერიდება.
„ეს არ არის ჩემი ბოლო ცეკვა“
მოდრიჩს მილანთან კონტრაქტი ამ ზაფხულს ეწურება, თუმცა ხელშეკრულების კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების უფლება აქვს. მიუხედავად იმისა, რომ მედიაში მის შესაძლო პენსიაზე წასვლაზე ბევრს წერენ, ხორვატიის კაპიტანი ამბობს, რომ ახლა მხოლოდ მოედანზეა კონცენტრირებული:
მთლიანად ტურნირზე ვარ ფოკუსირებული, რადგან მინდა გუნდს მაქსიმალურად დავეხმარო
მოდრიჩს ნაკრებში მე-200 მატჩამდე სულ რაღაც ორი შეხვედრა აშორებს, თუმცა ის ამერიკულ მუნდიალს „ბოლო ცეკვად“ ან გამოსამშვიდობებელ ტურად არ მიიჩნევს.
ინგლისის ნაკრები ჯგუფის მთავარ ფავორიტად ითვლება, თუმცა ხორვატიის ლეგენდას მათი ვარსკვლავური შემადგენლობა არ აშინებს:
ჩვენ ყველას პატივს ვცემთ, მაგრამ არავის გვეშინია. ეს მოედანზე უნდა დავამტკიცოთ და ხორვატი ხალხი კიდევ ერთხელ გავახაროთ
მოდრიჩის აზრით, მეტოქის ფავორიტობის მიუხედავად, ხორვატების უდიდესი გამოცდილება მათ სერიოზულ უპირატესობას აძლევს.
მიზანი მხოლოდ ჩემპიონობაა
2018 წლის ვერცხლისა და 2022 წლის ბრინჯაოს მედლების შემდეგ, ხორვატია მსოფლიოზე ისევ მაღალი მიზნებისთვის იბრძვის. კაპიტანი ხაზს უსვამს, რომ გუნდი შტატებში უბრალო სტატისტის როლში ყოფნას არ აპირებს და მთავარი იარაღი ისევ ერთიანობაა. როცა გუნდი შეკრულია, მათ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლიათ.
ნაკრებში თაობათა ცვლა მიმდინარეობს, მოდრიჩი კი საკუთარ თავს ახალგაზრდების მეგზურად ხედავს:
ჩვენ, გამოცდილმა მოთამაშეებმა, ხელი უნდა შევუწყოთ ახალგაზრდებს, გადავცეთ მათ ხასიათი და თამაშის ხარისხი. მათ თავი თავისუფლად უნდა იგრძნონ, რათა საკუთარი ნიჭი ბოლომდე გამოავლინონ. თაობები იცვლება, მაგრამ ჩვენ გამარჯვებების გაგრძელება გვსურს
ხორვატია მუნდიალზე ისევ იმ სულისკვეთებით არის, რომლითაც ბოლო ორ ტურნირზე მსოფლიო გააოცა.