-
Aa
+
ფონტის ზომა
მას შემდეგ, რაც მაქს დოუმენმა პრემიერ ლიგის ისტორია გადაწერა, აქტუალური გახდა კითხვა თუ ვინ არიან დღეს მსოფლიო ფეხბურთის ყველაზე იმედისმომცემი ახალგაზრდები? შესაძლოა, რამდენიმე წელიწადში ამ სიას ღიმილით შევხედოთ, თუმცა დღევანდელი მოცემულობით, ეს ათეული ყველაზე მაღალი პოტენციალის მქონე მოთამაშეებისგან შედგება.
10. მაქს დოუმენი (არსენალი)
გასულ უქმეებზე დოუმანმა ისტორია დაწერა, იგი პრემიერ ლიგის ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორი გახდა (16 წლის და 73 დღის). არსენალში მისი ასეთი ეფექტური გამოჩენა არავის გაკვირვებია, რადგან ლონდონურ კლუბში კარგა ხანია იციან ამ შემტევი ნახევარმცველის ფენომენალური ნიჭის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ დიდ ფეხბურთში მისი გამოცდილება ჯერჯერობით 10 მატჩსაც არ ითვლის, აშკარაა, რომ წინ დიდი მომავალი ელის.
9. საიდ ელ მალა (კიოლნი)
ელ მალასთვის სადებიუტო სეზონი ბუნდესლიგაში საკმაოდ პროდუქტიული გამოდგა. 19 წლის შემტევმა 26 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა. კიოლნის გარემარბი სისწრაფითა და დრიბლინგით გამოირჩევა, მისი მაქსიმალური სიჩქარე წელს 35.54 კმ/სთ-ს შეადგენს და ორივე ფეხით თანაბრად კარგად თამაშობს.
8. ლუკა ვუშკოვიჩი (ჰამბურგი, იჯარით ტოტენჰემიდან)
ხორვატი ცენტრალური მცველის ტალანტი ტოტენჰემმა დროულად შენიშნა, თუმცა სათამაშო პრაქტიკისთვის იგი ჰამბურგში გაანათხოვრეს. გერმანიაში ვუშკოვიჩმა დაამტკიცა, რომ თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოა, რის გამოც მისით უკვე ბაიერნი დაინტერესდა.
7. ენდრიკი (ლიონი, იჯარით რეალ მადრიდიდან)
რეალ მადრიდში გატარებული პირველი 18 თვე ისეთი ეფექტური არ ყოფილა, როგორსაც ელოდნენ, თუმცა ენდრიკის პოტენციალში ეჭვი არავის ეპარება. ლიონში იჯარით გადასვლამ მას ძველი ფორმა დაუბრუნა, რაზეც 11 მატჩში გატანილი 6 გოლი მეტყველებს.
6. აიუბ ბუადი (ლილი)
ბუადის დებიუტი ლილში 16 წლის იუბილედან მესამე დღეს შედგა. მას შემდეგ მან გუნდის ნახევარდაცვაში ადგილი დაიმკვიდრა და უკვე 100-მატჩიან ნიშნულს უახლოვდება. მას გოლი ჯერ არ გაუტანია, თუმცა მოედანზე ხედვით, ტექნიკითა და სიმშვიდით ნამდვილი პროფესიონალივით მოქმედებს.
5. იან დიომანდე (ლაიფციგი)
ლაიფციგის გარემარბის ირგვლივ სატრანსფერო ჭორები არ წყდება, რაც მის მაღალ კლასზე მიუთითებს. 19 წლის ფეხბურთელი ორივე ფლანგზე ეფექტურია და მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგაში უკვე 10 გოლი დააგროვა.
4. ლენარტ კარლი (ბაიერნი)
კარლისთვის ეს სეზონი ბაიერნის ძირითად გუნდში გარდამტეხი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ფლანგზეც შეუძლია თამაში, ცენტრალური შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე ბევრად პროდუქტიულია. მან ჩემპიონთა ლიგის სამ ზედიზედ მატჩში გაიტანა გოლი, როცა ჯერ კიდევ 17 წლის იყო.
3. ესტევაო (ჩელსი)
ჩელსიმ ამ ტალანტში დიდი ინვესტიცია ჩადო. პალმეირასის ყოფილი ვარსკვლავი ლონდონში დიდ იმედებს უკავშირდება. ადაპტაციის პერიოდის შემდეგ, პრემიერ ლიგაში მისი პროგრესი აშკარაა, მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ესტევაომ უკვე 7 გოლი გაიტანა.
2. პაუ კუბარსი (ბარსელონა)
დეკემბერში კუბარსიმ ბარსელონას მაისურით მე-100 მატჩი ჩაატარა, თანაც ისე, რომ 19 წლისაც არ იყო. ესპანეთის ნაკრების მცველი მოედანზე საოცარი ინტელექტით გამოირჩევა, მისი პასების სიზუსტე კი 95%-ს აღწევს.
1. ლამინ იამალი (ბარსელონა)
პირველ ადგილზე სხვა არავინ უნდა ყოფილიყო. იამალი ბარსელონასა და ესპანეთის ნაკრებისთვის 16 წლის ასაკშივე საკვანძო ფიგურა გახდა. ევროპის ჩემპიონი, ლა ლიგის ორგზის გამარჯვებული და ფეხბურთელი, რომელსაც უკვე ლიონელ მესის ადარებენ. ბარსელონას მაისურით გატანილი 45 გოლი 18 წლის ასაკში ფენომენალური შედეგია. 2025 წლის ოქროს ბურთის ნომინაციაში მეორე ადგილზე გასვლის შემდეგ, ეჭვგარეშეა, რომ მომავალში იგი ამ ჯილდოს მთავარი პრეტენდენტი იქნება.

თამარ თაბუკაშვილი
კომენტარები