26 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
მერაბ დვალიშვილი apeople-ს ოფისს ესტუმრა და საინტერესო შეკითხვებს უპასუხა.
- მთელი MMA სამყარო ელოდება და მიჩნეულია, რომ სადღაც ილია თოფურია უნდა შეხვდეს ისლამ მახაჩევს. რამდენად რეალურად მიგაჩნიათ, რომ UFC ამ ბრძოლას ჩანიშნავს და თუ ეს მოხდა, როგორ შეაფასებდი ამ შესაძლო დაპირისპირებას?
„მთელი საქართველო და მათ შორის მე ვოცნებობთ, რომ ეს ბრძოლა შედგეს. ილიას შეუძლია ისლამ მახაჩევის დაფინიშება. მახაჩევი კარგად ჭიდაობს, კარგი მებრძოლია, მაგრამ ილიას ვერც ჭიდაობაში დააკლებს ვერაფერს.
თავის მხრივ, ილიას შეუძლია მახაჩევს გაუკეთოს იგივე, რაც ვოლკანოვსკის და ჰოლოუეის დამართა.
ძალიან მაგარი ბრძოლა იქნება, თუმცა UFC-ს რამდენად აწყობს ამ ბრძოლის გამართვა - ეს სხვა საკითხია, რადგან მახაჩევს დიდი მოგებების სერია აქვს, დომინაციური ჩემპიონია და როგორც წესი, მათ არ აწყობთ ხოლმე სხვადასხვა წონის ჩემპიონების დაპირისპირება, რადგან ასეთ შემთხვევაში ერთ ჩემპიონს კარგავენ."
- მომდევნო თვეები UFC-ში ქართველებისთვის კვლავ დატვირთული იქნება, რადგან რომან დოლიძის და გიგა ჭიკაძის ბრძოლები გველოდება. რას ფიქრობთ ამაზე და რა პროგნოზის გაკეთება შეგიძლიათ ამ ორ ბრძოლაზე?
ჩემი აზრით, რომან დოლიძემ მარვინ ვეტორის პირველი ბრძოლაც მოუგო, თუმცა ახლა კარგად ემზადება და დარწმუნებული ვარ, რემატჩში მისი დაფინიშებაც შეუძლია. დარწმუნებული ვარ, რომანი მოიგებს და ტიტულის კონტენდერობას კიდევ უფრო მიუახლოვდება.
გიგა ჭიკაძესაც კარგი ბრძოლა ელის, მას დგომის მოწინააღმდეგე დაუპირისპირეს. მის გამარჯვებაში ეჭვი არ მეპარება."
ბოლო ბრძოლებში, საოცარი ჩხუბის გარდა თავს შოუმენობითაც გვამახსოვრებ - მეტოქის კოცნა, ჩახუტება და ა.შ. ეს სპონტანურია, თუ წინასწარ დაგეგმილი?
„არცერთ მებრძოლთან მსგავსი რამ წინასწარ არ დამიგეგმავს, გარდა პიოტრ იანისა. თუ გახსოვთ, მან პირისპირ დგომის დროს ხელი გამარტყა, ამიტომ მისი დამცირება მინდოდა.
მისთვის, რაც გავუკეთე, უარესის გაკეთებასაც ვაპირებდი, მაგრამ დავინდე (იცინის)."
უმართან ბრძოლა...
„ბრძოლის წინ უმარი შეურაცხყოფას მაყენებდა, არ მაფასებდა, ამიტომ მასთან ბრძოლა იყო ერთადერთი, სადაც თავიდანვე არ ვცდილობდი მეტოქის დაგდებას და თეიქდაუნში გადაყვანას.
მინდოდა, გამარჯვება მაქსიმალურად დომინანტურად, სახეში რტყმით მომეპოვებინა და ვფიქრობ, ეს ცოტათი მოვახერხე კიდეც."
კარიერის დასრულება...
„ბევრი მეუბნება, რომ დასამტკიცებელი არაფერი მაქვს, ალბათ 2-3-ჯერ დავიცავ ქამარს, მოსაგები არაფერი აღარ დამრჩება და წავალ, მაგრამ არა.
მინდა, რომ თქვენთვის, ჩემი ქართველებისთვის ვიბრძოლო ბოლომდე, სანამ ჯანმრთელობა მიწყობს ხელს და რაიმე სერიოზული პრობლემები არ მექნება ვიბრძოლებ და ყველას გაგახარებთ.
მადლობა გვერდში დგომისთვის და მხარდაჭერისთვის."
ალექს თოფურიასთვის გზის დათმობა...
„საქართველოსთვის სუპერმსუბუქ წონაში კიდევ ერთი უმაგრესი სპორტსმენის დამატება ძალიან კარგი ამბავია.
ალექსანდრეს ჩემპიონის კონტენდერობაზე გასაწევად კიდევ 2 წელი დასჭირდება და დარწმუნებული ვარ, ამას მოახერხებს და ქამრისთვის აუცილებლად იბრძოლებს.
როგორც კი ალექსანდრე კონტენდერი გახდება, მე, როგორც ქართველებს შეგვეფერება, დავთმობ ქამარს და მას დავუთმობ გზას - ან ზედა წონაში ავალ, ან ქვემოთ ჩამოვალ, ან სულაც სუპერ-ბრძოლებს ჩავატარებ და ქამარს ალექსს დავუთმობ."
ჩემპიონობის ემოციები...
„თავიდან, როცა MMA-ში კარიერას ვიწყებდი, ჩემპიონობის ამბიცია არ მქონია, ისიც კი არ ვიცოდი, UFC-ში როგორ უნდა მოვხვედრილიყავი.
შემდეგ კი, ჩემი მთავარი მიზანი გახდა, ჩემპიონობა ერთხელ მაინც მომეპოვებინა. გახსოვთ ალბათ ჩემი ემოციები იმ დროს, როცა დანა უაითმა პირველად ქამარი შემომხვია - ვერ ვიჯერებდი.
ძალიან ბევრი მებრძოლი იყო, ვისაც საჩემპიონო ქამარი არ მოუპოვებია - იოელ რომერო, ტონი ფერგიუსონი და სხვები, ამიტომ მინიმუმ ერთხელ ჩემპიონობა ჩემი მიზანი იყო."
მთავრობისგან მიღებული მილიონი - ქველმოქმედებაში
"გავაკეთე ფონდი და მთლიანი თანხა იქ გადავრიცხე. მალე გაიგებთ, როგორ გადანაწილდება და რა მოხდება. ცოტა დრო დასჭირდება, მაგრამ საქართველოში MMA-ს განვითარებაზე დისტანციურად აქტიურად ვმუშაობ და ნელ-ნელა ყველაფერი გაირკვევა."
მომდევნო ბრძოლა
"მოგეხსენებათ ვამბობდი, რომ 2025-ში ოთხი ბრძოლის ჩატარება მინდოდა, მაგრამ ისე დალაგდა, რომ სამი იქნება - ერთი ივნისში, მეორე კი ნოემბერში ან წლის ბოლოს, დეკემბერში.
ივნისის ბრძოლაში სავარაუდო მეტოქეები პიოტრ იანი და შონ ო'მალი იქნებიან. ორივესთან უკვე მოგებული მაქვს და ეს რემატჩი იქნება.
ჩემპიონი ვარ, მაგრამ საბოლოო სიტყვა UFC-ზეა, ვისაც გამოიყვანენ, იმასთან ვიჩხუბებ. მე ვფიქრობ, რომ პიოტრ იანმა უმარზე მეტადაც კი დაიმსახურა ჩემპიონობისთვის ბრძოლა, მაგრამ როგორც აღვნიშნე, ისე ხდება, როგორც ორგანიზაცია გადაწყვეტს."
UFC-ს ღონისძიების საქართველოში ჩატარება
ნამდვილად კარგი დროა იმისთვის, რომ UFC საქართველოში ჩატარდეს. უბრალოდ, მე და ილია აქ ვერ ვიჩხუბებთ, რადგან ჩემპიონები ვართ და საჩემპიონო და ასეთი დიდი ბრძოლები აშშ-ს ფარგლებს გარეთ იშვიათად ტარდება. ახლახანს იყო ავსტრალიაში, ასევე ლონდონშიც, ძალიან ცოტა ქვეყანა ახერხებს ამერიკასთან კონკურენციას საჩემპიონო ბრძოლების ჩატარებაში.
აქ უნდა ჩატარდეს Fight Night-ი, რასაც ბევრი რამ სჭირდება."
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები