მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
2 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
წლევანდელი საფეხბურთო სეზონის დაწყების წინ, გულშემატკივრებისთვის რომ გეკითხა, საკმაოდ ბევრი გიპასუხებდა, რომ საკლუბო ფეხბურთს აზრი აღარ აქვს - ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის მოქმედი გამარჯვებული, მადრიდის რეალი, ბევრის აზრით მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელით, კილიან მბაპეთი გაძლიერდა - კიდევ რა არის საჭირო საყოველთაო ბატონობის დასამყარებლად?
როგორი იქნება მბაპე მადრიდის რეალში? რა იქნება ამ კლუბის მაქსიმუმი? იქნებ, გუნდი იმდენად უძლეველი იყოს, რომ სამეფო კლუბმა თავის ისტორიაში პირველად, ტრიპლეტზეც კი გაიწიოს? ფაქტი ერთია - გასულ სეზონში მხოლოდ და მხოლოდ ორჯერ დამარცხებული გუნდი რომ კილიან მბაპეს იმატებს, თითქოს, ყველასთვის მართლაც ყველაფერს აზრი ეკარგება.
რეალობა, რა თქმა უნდა, ხშირად ჩვენს მოლოდინს არ შეესაბამება, რასაც მბაპეს და რეალის წლევანდელი ფორმაც ამტკიცებს. თუმცა, ნუ იჩქარებთ ჯოხის რომელიმე მხარეზე გადატეხვას და რეალის ჯერჯერობით წარუმატებელი სეზონის რომელიმე კონკრეტულ მიზეზზე გადაბრალებას. იმიტომ, რომ მიზეზი ბევრია და ამ სტატიაში შევეცდები მოკლედ, ჩემი თვალით დანახული მადრიდული პრობლემები დაგანახოთ, ბოლოს კი ჩემს დასკვნასაც გაგაცნობთ.
მაშ ასე, რა არის მადრიდის რეალის და კილიან მბაპეს წლევანდელი პრობლემების მთავარი მიზეზი?
1. ტონი კროოსის წასვლა
როგორც რამდენიმე დღის წინ, ინტერვიუში რეალის ექს-ფეხბურთელმა, ფერნანდო მორიენტესმა მოგვახსენა, მეც შემექმნა შთაბეჭდილება, რომ მადრიდული გრანდი, თითქოს წარმატებებისგან დაბრმავებული, ზედმეტად ზერელედ მოეკიდა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მეპასის წასვლას. ერთი შეხედვით, რთულია გამტყუნება, იმიტომ რომ მადრიდელებმა თითქმის უმტკივნეულოდ გადაიტანეს ისეთი ლეგენდების წასვლა, როგორებიც კრიშტიანუ რონალდუ, სერხიო რამოსი და კარიმ ბენზემა არიან, რომელთა წასვლიდან მალევე, გუნდმა ჩემპიონთა ლიგის მოგება მაინც მოახერხა. თუმცა, აქ სიტუაცია ცოტა განსხვავებულია.
არა, არც რონალდუ, არც რამოსი და არც კარიმ ბენზემა რეალის ისტორიაში კროოსზე პატარა ადგილს არ იკავებენ, შეიძლება პირიქითაც, მაგრამ უშუალოდ სათამაშო ასპექტს რომ გადავხედოთ, კარლო ანჩელოტის მადრიდის რეალში გერმანელის შეცვლა გაცილებით რთული და კომპლექსური საკითხია, ვიდრე მცველის, ან თუნდაც ფორვარდის.
ერთ-ერთ ინტერვიუში, ჯერ კიდევ რეალის ფეხბურთელობისას, კაზემირო ამბობდა, რომ მადრიდის რეალის თამაშს ტონი კროოსი უძღვება - როცა უნდა ტემპს უმატებს, როცა უნდა - პირიქით უკლებს. შეგექმნება შთაბეჭდილება, რომ მოედანზე მყოფ სხვა ფეხბურთელებს სწორედ კროოსი მართავს.
ამ სეზონის რეალის მთავარი პრობლემაც ეს არის - 0 კრეატივი მოედნის ცენტრში. სიტუაცია ცოტათი იცვლება მოედანზე ლუკა მოდრიჩის გამოსვლით, რომელიც უკვე 39 წლის არის და ყველა მატჩის სასტარტოში დაწყება არ შეუძლია. თუმცა, ამ ასაკშიც კი, ცვლილებაზე შემოსვლის შემდეგ, მან თამაშის მიმდინარეობის შეცვლა წელს უკვე რამდენჯერმე მოახერხა. ზოგადი პრობლემები კი გრძელდება - რეალს არ ჰყავს ცენტრში წამყვანი მოთამაშე, რომელიც გუნდს იდეალურად დააბალანსებს და ტემპს შექმნის.
ასე ერთი ხელის მოსმით რთულია თქვა ფეხბურთელი, რომელსაც დღევანდელ რეალში კროოსის ფუნქციების შესრულება შეეძლებოდა. ალბათ როდრი, თუმცა ოქროს ბურთის მოქმედი გამარჯვებული პეპ გვარდიოლას ხელშია და მისი შეძენა მადრიდელებს არც უცდიათ. შეიძლება, სულ ტყუილადაც.
2. დაუბალანსებელი შემადგენლობა
არ შეიძლება, გუნდი პრეტენზიას ყველა ტიტულზე აცხადებდეს და ერთ პოზიციაზე მინიმუმ ორი კარგი დონის ფეხბურთელი არ ჰყავდეს. ამჟამინდელი სეზონი მადრიდის რეალმა 2(!!!) ჯანმრთელი ცენტრალური მცველით დაიწყო - ანტონიო რუდიგერით და ედერ მილიტაოთი, რომელმაც თავადაც სულ ახლახანს მოიშუშა ჯვარედინი მყესების გაწყვეტის უმძიმესი ტრავმა. ერთი დისკვალიფიკაცია, ან ტრავმა და დაცვაში ჩამოწევა ორელიან ჩუამენის უწევს, რომელიც ნომინალური მცველი არ არის. შარშანდელმა მისმა თამაშმა არ მოგატყუოთ - წინა სეზონში ანჩელოტის იდეალური ბალანსი ჰქონდა ნაპოვნი და დიდად არ ჰქონდა მნიშვნელობა, დაცვის ცენტრში ჩუამენი იდგებოდა, თუ 172 სანტიმეტრიანი დანი კარვახალი - სტრუქტურულად კარგად განლაგებული რეალი თავის დაცვას ყველანაირი შემადგენლობით კარგად ახერხებდა. მოშლილ გუნდში კი, როგორიც რეალი წელს არის, პრობლემები უკვე გამომზეურდა.
ტრავმების ფონსაც რომ თავი დავანებოთ, რეალის დონის გუნდშიც კი, ნებისმიერი ფეხბურთელი კონკურენციას უნდა გრძნობდეს და არ შეიძლება, თავს ძირითადი შემადგენლობის უცვლელ წევრად მოიაზრებდეს, რაც საკუთარი თავის მიმართ მოთხოვნებს ავტომატურად ამცირებს. იმის ფონზე, რომ დავიდ ალაბა მინიმუმ იანვრამდე ვერ ითამაშებს და ზაფხულში გუნდი ნაჩომ დატოვა, ერთი ცენტრალური მცველის დამატება რეალს სასიცოცხლოდ ესაჭიროებოდა. კი, არ გამოვიდა ლენი იოროს ამბავი, რის გამოც ხელმძღვანელობამ სხვა არცერთი ვარიანტის განხილვაც კი არ მოისურვა, რაც დიდი შეცდომა აღმოჩნდა.
ცენტრალური მცველის პოზიციასაც რომ შევეშვათ, რეალს აშკარად სჭირდება მარჯვენა მცველი და ეს დანი კარვახალის ტრავმამდეც ასე იყო. ესპანელი ლატერალი ჯანმრთელობით და სრული სეზონების სტაბილურად ჩატარებით ცნობილი აქამდეც არ ყოფილა, ამიტომ 2024 წელს მას ყოფილი ვინგერი ლუკას ვასკესი არ უნდა ცვლიდეს, რომელიც მცველიც არასდროს არ ყოფილა და რამდენი კარგი მატჩიც არ უნდა ჩაეტარებინა, დიდ მატჩებში დაცვაში ლუკასზე დაყრდნობა რომ არ შეიძლება, მილანთან მატჩშიც იდეალურად გამოჩნდა, სადაც პაოლო ფონსეკამ დიდი ფსონი გააკეთა შეტევის მარცხენა ფრთაზე და არ ინანა - ლეაუს და ტეო ერნანდესის დევნაში ესპანელს სული ამოხდა და ეს მაინც არ გამოუვიდა, ფრანგი და პორტუგალიელი მაინც იმას აკეთებდნენ, რაც უნდოდათ.
არასწორი სელექცია გამოუვიდა რეალს შეტევაშიც, სადაც ყველა ერთი ტიპის და პროექციის თავდამსხმელმა მოიყარა თავი და არასასურველი შედეგის დროს, ანჩელოტის მატჩის მიმდინარეობის შეტევის ხარჯზე შეცვლის ყველანაირი შანსი მოესპო. გასულ სეზონში ეს როლი იდეალურად მოირგო ხოსელუმ, რომელიც თავის შანსებს კარგად იყენებდა და მისი გამოსვლის შემდეგ საჯარიმოში მაღალ ჩაწოდებებსაც ჰქონდა აზრი. შორს წასვლა რად გვინდა - 30 წელს გადაცილებული ესპანელის დუბლით რეალმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში დაიბევა ადგილი. ახლა კი, როდესაც რეალი აგებს და გოლი სჭირდება, შეტევაში ანტონიო რუდიგერს უწევს წასვლა, რაც თავისთავად დაცვას ატიტვლებს და მეტოქეებს კონტრშეტევისთვის მეტ შანსს უტოვებს.
იდეალური ვარიანტი იქნებოდა ხოსელუს კიდევ ერთი სეზონით დატოვება, ხოლო ენდრიკის იჯარით გაშვება - ბრაზილიელი ვუნდერკინდი ლა ლიგის რომელიმე გუნდში გამოცდილებას დააგროვებდა, ხოსელუ კი მშობლიურ გუნდში კილიან მბაპეს პირველი შემცვლელის როლს შეასრულებდა. კი, ვიცი, რომ ესპანელი თავად წავიდა, რადგან კატარის თვალისმომჭრელ შემოთავაზებაზე ვერ თქვა უარი, მაგრამ მას რეალში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ხელფასი ჰქონდა და შარშანდელი კარგი სეზონის მერე, მადრიდელებს მისთვის ანაზღაურება ცოტა რომ გაეუმჯობესებინათ, არაა გამორიცხული, მას სამშობლოს დატოვება სულაც აღარ გადაეწყვიტა.
3. ორელიან ჩუამენი
როდესაც რამდენიმე წლის წინ რეალმა ნახევარდაცვაში კამავინგა, ჩუამენი და ვალვერდეს ტრიო შეკრა, ბევრმა ჩათვალა, რომ ამ ტრიოს კროოსი, მოდრიჩი კაზემიროს ლეგენდარული სამეული უნდა შეეცვალა. სამწუხარო რეალობა კი ის არის, რომ ისინი ჯერ ამასთან ახლოსაც კი არ არიან. ჯერ კი არა, ალბათ ვერასდროს ვერც მივლენ, რამეთუ გუნდში დღემდე ყველაზე მეტი კრეატივი 39 წლის მოდრიჩისგან მოდის. ვალვერდე დაუღალავი ჯარისკაცია, რომელიც მზად არის, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ პოზიციაზე დაეხმაროს გუნდს - მისი როლი რეალში ყველაზე ნაკლებად იწვევს დღეს კითხვებს. კამავინგა დღემდე ვერ იქცა ძირითადის უცვლელ წევრად, ჩუამენი კი, ჩემი მოკრძალებული აზრით, დღევანდელი რეალის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა.
ფრანგი ფეხბურთელი, რომელშიც რეალმა მონაკოს 80+20 მილიონი ევრო გადაუხადა, მასზე გაცემულ ავანსებს აშკარად ვერ ამართლებს. მსოფლიო ჩემპიონატამდე კარგი იყო, თუმცა შემდეგ, თითქოს ფინალში გაფუჭებულმა პენალტმა მას დიდი დარტყმა მიაყენა და ის შოკიდან დღემდე ვერ გამოდის.
ჩუამენი ვერც ცენტრს აკონტროლებს, ვერც სივრცეებს ავსებს, ვერც თავის კაცს იჭერს, ვერც პასებს ანაწილებს ისე როგორც საჭიროა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვერ ფარავს მოედანზე იმდენ კილომეტრს, რამდენიც მისი პოზიციის ფეხბურთელს სჭირდება - ერთი სიტყვით, 24 წლის ორელიანი უმაღლეს დონეზე ვერ ასრულებს ვერცერთ დავალებას, რომელიც, პოზიციიდან გამომდინარე, პირდაპირ ევალება. ეს კლუბშიც დაინახეს - როგორც ესპანური პრესა წერს, ხელმძღვანელობა ჩუამენის თამაშითა და პროგრესით უკმაყოფილოა და მის გაყიდვას სულაც აღარ გამორიცხავს.
ყველაზე ნათელი მაგალითი ჩუამენის ცუდი პროგრესისა - მილანთან თამაში გახდა, სადაც მას კუთხურზე ტიაუ გაექცა და გოლი გაიტანა, მეორე გოლზე კი ფრანგმა ჯერ საკუთარ საჯარიმოსთან პასი გააფუჭა, შემდეგ კი მორატას არ დაედევნა, რომელმაც ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეირბინა საჯარიმოში და დამატებაზე ყველას დაასწრო. საქმე იქამდე მივიდა, რომ ფრანგს საკუთარმა გულშემატკივარმაც დაუსტვინა, ანჩელოტიმ კი ის მეორე ნახევარზე მოედანზე საერთოდ აღარ შეიყვანა.
ახლა კი უშუალოდ მბაპეზე
საინტერესოა, რომ სათაურში მბაპეა ნახსენები, თუმცა მასზე საუბარი ამ დრომდე თითქმის არ მოგვწევია, რასაც თავისი ახსნა აქვს. კი, ყველა ველოდით, რომ ის ჩაიცვამდა რეალის მაისურს და უმალვე დაიწყებდა ჰეთ-ტრიკების გატანას, მაგრამ რეალობასთან ამას საერთო არაფერი აქვს, რადგან კილიანს ესპანეთის დედაქალაქში იმაზე მეტი პრობლემა დახვდა, ვიდრე ის თავად ელოდა.
თუმცა, მხოლოდ რეალის ბრალეულობასთან საქმე ნამდვილად არ გვაქვს - ზოგადად, მბაპეს უკვე ხანგრძლივ კარიერაში, 2024 წელი ალბათ ყველაზე წარუმატებელია. ის ჯერ კიდევ პსჟ-ს მაისურით, წინა სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ბრწყინავდა და ფინალში გასვლის რეალური შანსი გაუშვა ხელიდან, როცა დორტმუნდთან უგოლოდ გამოვარდა.
შემდეგ იყო ევრო, სადაც მბაპემ ასევე ვერ გაიბრწყინა და ტურნირი ერთადერთი, პენალტიდან გატანილი გოლით დატოვა. ვერ შეიცვალა მდგომარეობა შვებულების შემდეგაც, მატჩიდან მატჩამდე, ანჩელოტი მას ნდობას უცხადებს, თუმცა ფრანგი ცუდი თამაშით პასუხობს - ტექნიკური წუნი, არაზუსტი პასები, საშინელი რეალიზაცია - ეს სამი ტერმინი ყველაზე კარგად ასახავს 2024 წლის კილიან მბაპეს.
აქ ემატება ისიც, რომ ფრანგს თავად უყვარს მარცხენა ფლანგიდან ცენტრში შეწევა და გამწვავება, რაც რეალში არ გამოსდის და ალბათ, უახლოეს პერიოდში არც გამოუვა, რადგან იქ ადგილი ვინისიუსს აქვს დაბევებული. გამოსავალი კი მხოლოდ ერთშია - ამჟამინდელ რეალობასთან შეგუება, საკუთარი თამაშის გაუმჯობესება და ცენტრფორვარდად თამაშის სწავლა. რას იზამ, თუ შენი ოცნების გუნდში გინდა წარმატებას მიაღწიო, ცოტა საკუთარ თავზე გადაბიჯებაც უნდა შეგეძლოს. სხვაგვარად არ გამოვა.
საბოლოო დასკვნის სახით კი შეგვიძლია ის ვთქვათ, რომ კილიან მბაპე იმაზე ბევრად პრობლემურ მადრიდის რეალში მოვიდა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, რაც პირველ რიგში ხელმძღვანელობის უნიათოდ გატარებული სატრანსფერო ზაფხულის ბრალია. წარმატებები კარგი მაშინ არის, როდესაც არ გაბრმავებს და აუცილებელი პროგრესის გზაზე ხელს არ გიშლის.
ნებისმიერ შემთხვევაში, ჩემი რჩევა იქნება, ნუ ჩამოწერთ რეალისა და მბაპეს დუეტს ასე ნაადრევად. ჯერ კიდევ საკმარისი დროა იმისთვის, რომ ფრანგმა ფორმაც აღიდგინოს, რეალმა ჯერ კროოსის შემცვლელი და შემდეგ უკვე თავისი თამაში იპოვოს და ეს დუეტი ისე გაეშუროს მორიგი წარმატებებისკენ, როგორც მისგან თავიდანვე ელოდნენ.
თუმცა, შესაძლოა, ეს უკვე არა ამ სეზონში და არა ამ მწვრთნელთან ერთად მოხდეს - ყველაფერს დრო გვიჩვენებს.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები