მისი გუნდის შედეგი შეიძლება მტკივნეული იყოს ან თამაშმა იმედგაცრუება გამოიწვიოს, მაგრამ ჟოზე მოურინიოს განცხადებები და დამოკიდებულება არასდროს არის ბანალური.
ბენფიკა ტურინში იუვენტუსთან 0:2 დამარცხდა, ალიანს სტადიონზე გოლები ტურამმა და მაკკენიმ გაიტანეს. ეს მარცხი პორტუგალიური კლუბისთვის მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს — გუნდი საერთაშორისო ასპარეზზე დარჩენის მინიმალურ შანსს ეჭიდება, შიდა თასის ტურნირებს კი უკვე გამოთიშულია.
პრესკონფერენციაზე „განსაკუთრებულმა" გულახდილად თქვა, რომ შესაძლებლობის შემთხვევაში, იუვენტუსის გაწვრთნას დათანხმდებოდა და ამავე დროს რამდენიმე კოლეგასაც გადაუსვა ხაზი:
საუკეთესო კლუბებს უისტორიო მწვრთნელები ხელმძღვანელობენ
„მიკვირს, რომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბებს ხელმძღვანელობენ მწვრთნელები, რომელთაც ისტორია არ გააჩნიათ. სამაგიეროდ, როცა ალეგრის მილანში ვხედავ, გასპერინის რომაში ან სპალეტის იუვენტუსში, ეს არ მაკვირვებს“.
ვისზე შეიძლება საუბრობდეს? რადგან მოურინიო მხოლოდ იტალიურ კლუბებს ახსენებს, რომელთაც საერთო ის აქვთ, რომ გასულ ზაფხულს მწვრთნელი შეიცვალეს — და არ ახსენებს ნაპოლის, რომელიც ანტონიო კონტესთან ერთად უკვე მეორე სეზონს ატარებს — შესაძლებელია, მისი სიტყვები კრისტიან კივუს ეხებოდეს, რომელმაც სიმონე ინძაგის წასვლის შემდეგ, ჟოზეს ყოფილი კლუბი გასულ ზაფხულს ჩაიბარა.
ნერაძურის ამჟამინდელ მწვრთნელს მანამდე სერია ა-ში მხოლოდ 13 მატჩი ჰქონდა ჩატარებული პარმასთან ერთად და ძირითადად ინტერში ახალგაზრდულ გუნდებს წვრთნიდა. შესაძლოა, მოურინიოს მინიშნება სწორედ მასზეა მიმართული, თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია.