-
Aa
+
ფონტის ზომა
ნეიმარის სანტოსში დაბრუნება ბრაზილიურ და მთელ საფეხბურთო სამყაროში ერთ-ერთი მთავარი თემაა.
საინტერესოა, რომ ნეიმარის გარდა ბრაზილიის ჩემპიონატში კიდევ ბევრ ვარსკვლავს შევხვდებით, რომელიც წარმატებული უცხოური კარიერის შემდეგ კარიერას სახლში აგრძელებს.
ევროპაში გატარებული 15 წლის შემდეგ 40 წლის ტიაგო სილვა გასულ წელს ჩელსიდან ფლუმინენსეში დაბრუნდა, სადაც უკვე 17 მატჩიც ჩაატარა.
14-წლიანი ევროპული კარიერის შემდეგ დავიდ ლუიზმა 2021 წელს სახლს მიაშურა და ფლამენგოში 3 წელი გაატარა, რამდენიმე დღის წინ 37 წლის მცველი ასევე ბრაზილიურ ფორტალეზას შეუერთდა.
პსჟ-სა და ტოტენჰემში გატარებული 5-5 წლის შემდეგ 2023 წელს სან პაულოს მიაშურა ლუკას მოურამ, რომლის თანაგუნდელია 37 წლის ლუიზ გუსტავოც, რომელიც 2024 წელს სან პაულოში ალ ნასრიდან გადავიდა.
მოურასა და გუსტავოს თანაგუნდელია ერთ დროს ჩელსის ერთ-ერთი ლიდერი, ოსკარიც, რომელმაც 2017 წელს კარიერა ჩინეთში გააგრძელა და იქ 7 წელი დაჰყო, მშობლიურ სან პაულოს კი 1 თვის წინ დაუბრუნდა და უკვე გოლის გატანაც მოასწრო.
ოსკარის მსგავსად ჰალკიც, რომელმაც 4 წელი ითამაშა ჩინეთში, 15-წლიანი პაუზის შემდეგ ბრაზილიას დაუბრუნდა და 2021 წლიდან ატლეტიკო მინეიროში ასპარეზობს, სადაც 158 მატჩში 86 გოლი გაიტანა.
დონეცკის შახტარში გატარებული 8 წლისა და მანჩესტერ სიტიში ნათამაშები 9 წლის შემდეგ ფერნანდინიომ 2022 წელს მშობლიურ ატლეტიკო პარანაენსეში გააგრძელა კარიერა და 89 მატჩში 7 გოლის გატანაც მოახერხა.
ჯერ კიდევ ასტონ ვილას ეკუთვნის, თუმცა იჯარის წესით ბრაზილიაში თამაშობს ფილიპე კოუტინიო, რომელიც 14-წლიანი პაუზის შემდეგ ვასკო და გამაში დაბრუნდა.
ასე რომ, ნეიმარის დაბრუნების შემდეგ ბრაზილიური ფეხბურთის მოყვარულთათვის, წინ კიდევ უფრო საინტერესო სეზონია.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები