ნიკოლოზ ქურასბედიანი - ესპანეთში მოთამაშე ქართველი ტალანტი
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ქართულ კალათბურთში ახალგაზრდა თაობის არაერთი საინტერესო მოთამაშე ჩნდება, მათ შორისაა 2008 წელს დაბადებული ნიკოლოზ ქურასბედიანიც, რომელმაც განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპები ესპანეთში გაიარა და ახლა კარიერაში ახალი გამოწვევისთვის ემზადება.
ახალგაზრდა გამთამაშებლის მთავარი მიზანი ესპანური კალათბურთის უმაღლეს დონეზე, ACB ლიგაში თამაშია.
ქურასბედიანის საკალათბურთო ისტორია 7 წლის ასაკში დაიწყო. მისი პირველი მწვრთნელი დავით ბერძენიშვილი იყო, რომელთანაც თბილისის პირველი სკოლის გიმნაზიის დარბაზში ვარჯიშობდა.
მოგვიანებით ნიკოლოზი თბილისი ბასკეტის ასაკობრივ გუნდებში გადავიდა, სადაც მას ამბროსი ორმოცაძე წვრთნიდა და მისი პროგრესი შეუმჩნეველი არ დარჩენილა.
13 წლის ასაკში ქურასბედიანი მილოშ გლიგორიევიჩმა, რომელიც იმ პერიოდში საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში მუშაობდა, 14-წლამდელთა არაოფიციალურ ნაკრებში გამოიძახა.
ახალგაზრდა კალათბურთელმა მალევე მოიპოვა სასტარტო ხუთეულში ადგილი და გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა.
მისი შესაძლებლობები განსაკუთრებით კარგად ტალინში გამართულ ტურნირზე გამოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ტურნირზე მცირე ტრავმით ჩავიდა, ქურასბედიანმა გამორჩეული თამაში აჩვენა და MVP-ის ჯილდოც მოიპოვა.
პირველი დიდი ნაბიჯი - მადრიდი
15 წლის ასაკში ქართველმა კალათბურთელმა კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, 80%-იანი დაფინანსებით ესპანეთში გადავიდა და Zentro Basket Madrid-ს შეუერთდა.
მადრიდში გატარებული პერიოდი მისთვის ევროპულ კალათბურთთან ადაპტაციისა და პირველი დიდი საერთაშორისო გამოცდილების მიღების შესაძლებლობა გახდა.
ქურასბედიანი საშუალოდ დაახლოებით 22 წუთს თამაშობდა და შეხვედრებში 10-ზე მეტ ქულას აგროვებდა.
ერთი წლის შემდეგ მან ესპანეთში დარჩენა და კარიერის ალმერიაში გაგრძელება გადაწყვიტა, სადაც Tecnocasa Ciudad de Vera-ს შეუერთდა.
ახალ კლუბში ქართველმა 2 სეზონი გაატარა და როგორც 18-წლამდელთა, ისე ნაციონალური ლიგის გუნდში თამაშობდა.
განსაკუთრებით დასამახსოვრებელი მისი პირველი სეზონი აღმოჩნდა. ანდალუსიის ჩემპიონატზე ქურასბედიანმა ვიცე-ჩემპიონ უნიკახა მალაგასთან 16 ქულა ჩააგდო და შეხვედრა მაღალი სტატისტიკური მაჩვენებლებით დაასრულა.
ეს არ ყოფილა ერთჯერადი გამონათება, ქართველი არაერთ შეხვედრაში გამოირჩეოდა და რამდენჯერმე მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა.
3 სეზონი ტრავმის ფონზე
ქურასბედიანის ესპანური კარიერის ერთ-ერთი მთავარი სირთულე ჯანმრთელობის პრობლემა აღმოჩნდა.
ჯერ კიდევ მადრიდში გადასვლამდე მას მენჯის მიდამოში მყესების ანთება დაეწყო. სრულფასოვანი მკურნალობისთვის ხანგრძლივი პაუზა იყო საჭირო, თუმცა ახალგაზრდა კალათბურთელს თამაშის შეწყვეტა არ სურდა. შედეგად, მან ფაქტობრივად 3 სეზონი ტრავმის ფონზე გაატარა.
მიუხედავად ამისა, 2024 წელს ქურასბედიანი საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე გამოვიდა. საქართველოს ნაკრებმა ტურნირის შედეგად A დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა.
2026 წლის ზაფხულში ტრავმა გამწვავდა და ნიკოლოზმა 18-წლამდელთა ნაკრებისთვის სათანადოდ მომზადება ვეღარ შეძლო.
ამჯერად არჩევანი სრულფასოვან რეაბილიტაციაზე გაკეთდა. ორთვიანი მკურნალობის შემდეგ ქურასბედიანი სრულად გამოჯანმრთელდა და კარიერის ახალი ეტაპი დაიწყო.
ახალი გუნდი და ახალი ეტაპი
ქართველი გამთამაშებელი პირველად გადავიდა ნაციონალური ლიგის სენიორთა გუნდში და ანდალუსიურ CD Roquetas BC-ს შეუერთდა.
ახალ კლუბში ადაპტაცია სწრაფად გაიარა. ქურასბედიანმა უკვე ჩაატარა 4 ამხანაგური შეხვედრა და გუნდის ძირითადი გამთამაშებლის ადგილიც დაიკავა.
მისთვის ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რამდენიმე წლის განმავლობაში დაგროვებული ესპანური გამოცდილების შემდეგ ახლა უკვე უფროსთა კალათბურთში უწევს საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცება.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ ეტაპს ქართველი კალათბურთელი, ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, ჯანმრთელობის პრობლემების გარეშე ხვდება.
ქურასბედიანი ინტენსიურად აგრძელებს ვარჯიშს, მისი გრძელვადიანი მიზანი კი მკაფიოა, ესპანეთის უმაღლეს საკალათბურთო ლიგა ACB-ში თამაში.
7 წლის ასაკში თბილისის სკოლის დარბაზში დაწყებულმა გზამ ის მადრიდსა და ალმერიაში უკვე მიიყვანა.
ახლა ნიკოლოზ ქურასბედიანისთვის მთავარი გამოწვევა უფროსთა კალათბურთში თავის დამკვიდრება და კარიერის შემდეგ საფეხურზე გადასვლაა.