მიუნხენის ბაიერნის სპორტულმა დირექტორმა, მაქს ებერლმა აღიარა, რომ ვენსან კომპანის დანიშვნამდე გადამწყვეტი სიტყვა პეპ გვარდიოლას ეკუთვნოდა.
ებერლის თქმით, 2024 წელს კომპანის კანდიდატურა ბევრ კითხვის ნიშანს აჩენდა, რადგან ბელგიელი სპეციალისტი გერმანიაში ბარნლიდან მოვიდა, რომელიც მანამდე პრემიერლიგიდან გავარდა. კლუბის ხელმძღვანელობაში არსებული ეჭვების გასაფანტად, ებერლმა დახმარება გვარდიოლას სთხოვა.
„როცა კითხვა გაჩნდა, ვიყავით თუ არა დარწმუნებულები, რუმენიგეს ვუთხარი: 'კალე, შენ ხომ პეპთან ახლოს ხარ? დაურეკე და ჰკითხე, რას ფიქრობს კომპანიზე'. სწორედ ეს აღმოჩნდა გარდამტეხი მომენტი“ - განაცხადა ებერლმა ZDF-თან ინტერვიუში.
სპორტულმა დირექტორმა გულწრფელად აღნიშნა, რომ კომპანი კლუბის პირველი არჩევანი არ ყოფილა. მიუნხენის ბაიერნმა მანამდე უარი ნაგელსმანისგან, რალფ რანგნიკისგან და ოლივერ გლასნერისგან მიიღო. ებერლმა აღიარა, რომ თავიდან კომპანის მსგავსი არაპოპულარული ვარიანტის შეთავაზებას ვერ ბედავდა.
გვარდიოლას რეკომენდაციამ გაამართლა: კომპანიმ ზედიზედ ორჯერ მოიგო ბუნდესლიგა, ახლა კი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია, სადაც პსჟ-ს დაუპირისპირდება. ლეონ გორეცკამ ახლახან მწვრთნელის მკაცრ ხასიათზეც ისაუბრა და გაიხსენა, როგორ გამოაფხიზლა ბელგიელმა ფეხბურთელები გასახდელში მაინცთან მატჩისას, როცა გუნდი 0:3-ს აგებდა.
კომპანი, რომელიც სამი წლის წინ ჩემპიონშიფში მუშაობდა, ახლა ევროპის მწვერვალის დაპყრობასთან ძალიან ახლოსაა.