საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მეკარე უგო ლორისი ისტორიული მიღწევის ავტორი გახდა.
ის პირველი ფრანგი ფეხბურთელია, რომელმაც პროფესიონალურ დონეზე 1000 ოფიციალური მატჩის ჩატარება შეძლო.
აღსანიშნავია, რომ ამ სტატისტიკაში ახალგაზრდულ და სარეზერვო გუნდებში ჩატარებული შეხვედრები არ ითვლება.
ლორისმა საიუბილეო ნიშნულს 26 ოქტომბერს, ლოს-ანჯელეს გალაქსის წინააღმდეგ გამართულ დერბიში მიაღწია, რომელიც ფრედ, 2:2 დასრულდა.
ამ დროისთვის 39 წლის მეკარის ანგარიშზე 1001 ოფიციალური შეხვედრაა, საიდანაც 145 საფრანგეთის ნაკრებში, ხოლო 856 საკლუბო დონეზე ჩაატარა.
ამ მაჩვენებლით ლორისმა ისეთ ცნობილ ფრანგ ფეხბურთელებს გაუსწრო, როგორებიც კარიმ ბენზემა და ანტუან გრიზმანი არიან. ბენზემას კარიერაში 993 ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული, ხოლო გრიზმანს - 964.
შეგახსენებთ, რომ ლორისი კარიერის განმავლობაში ნიცას, ლიონისა და ტოტენჰემის ღირსებას იცავდა. ლონდონურ კლუბში ის 2012-2023 წლებში თამაშობდა, ამჟამად კი ლოს-ანჯელესის ფეხბურთელია.