ზინედინ ზიდანმა საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე პირველი სერიოზული დარტყმა მიიღო.
იტალიასთან მილანში განცდილმა მარცხმა (1:3) გუნდის თამაშში არსებული წინააღმდეგობები და მწვრთნელის მიმართ კრიტიკის ტალღა წარმოშვა. არადა, ზიდანს მანამდე 3 მოგება და 1 ფრე ჰქონდა.
ფრანგული გამოცემა Foot Mercato აღნიშნავს, რომ მატჩი მილანში საფრანგეთის სრული დომინაციით დაიწყო, მაიკლ ოლისემ მე-10 წუთზე ანგარიში გახსნა, ბარკოლამ და ნკუნკუმ კი ბურთი ძელს გაარტყეს. თუმცა, პირველი 25-წუთიანი ილუზიის შემდეგ, ფრანგების თამაში ჩამოიშალა, მეორე ტაიმში კი კატასტროფად იქცა.
ზიდანის უახლოესმა მეგობარმა კრისტოფ დიუგარიმ RMC-ის ეთერში აღნიშნა, რომ მიუხედავად ტრავმირებული ვარსკვლავების (მბაპე, დემბელე, ჩუამენი, სალიბა და სხვები) არყოფნისა, მსგავსი ჩავარდნა გაუმართლებელია:
იტალიელების მებრძოლ სულს შეხედეთ! ამ გუნდმა უნდა ისწავლოს ტანჯვა და რთულ გარემოებებთან გამკლავება
კრიტიკა ზიდანის ტექნიკურ გადაწყვეტილებებსაც შეეხო. მწვრთნელმა ცვლილებები 77-ე წუთამდე დააგვიანა, შემდეგ კი მოედანზე დებიუტანტები შეუშვა, მაშინ როცა სკამზე ზაირ-ემერი და კამავინგა ისხდნენ. ჟურნალისტმა დანიელ რიოლომ პირდაპირ თქვა:
რაღაც მომენტში უკვე ვეღარ ვხვდებოდი ვინ რომელ პოზიციაზე თამაშობდა, გუნდმა იდენტობა დაკარგა
ეს მარცხი ზიდანისთვის მნიშვნელოვანი გაკვეთილია. მას ახლა იმის დამტკიცება მოუწევს, რომ რთულ სიტუაციებში გუნდის მართვა და 90 წუთის განმავლობაში სტაბილურობის შენარჩუნება შეუძლია.