საქართველოსა და უნგრეთის ეროვნული ნაკრებების 14 ნოემბრის დაპირისპირებამდე მთავარ ინტრიგად დომინიკ სობოსლაის თამაში რჩება.
უნგრული პრესის ცნობით, ლივერპულის ვარსკვლავის მოედანზე გამოსვლის საკითხი ბოლო წუთს გადაწყდება და დიდი შანსია, მან საერთოდ ვერ ითამაშოს, ან მინდორზე მხოლოდ 20-30 წუთი გაატაროს.
პრობლემები 8 ნოემბერს, კრისტალ პალასთან მატჩში დაიწყო, როცა უნგრელთა კაპიტანმა მუხლი დაიზიანა. მართალია, ის თბილისში გუნდთან ერთად ჩამოვიდა, თუმცა ამ დრომდე ინდივიდუალურად ვარჯიშობს. უნგრელების მთავარი მიზანია, რომ ლიდერი 17 ნოემბრის თამაშისთვის სრულფასოვნად იყოს მზად.
მთავარი მწვრთნელი, მარკო როსი სათადარიგო გეგმაზე უკვე მუშაობს და კაპიტნის გარეშე თამაშისთვისაც ემზადება. უნგრეთში აქტიურად განიხილავენ სობოსლაის პოტენციურ შემცვლელებს, რომელთა შორის ფავორიტად 30 წლის იოჟეფ ურბლიკი სახელდება. საინტერესოა, რომ ურბლიკი წარსულში სლოვაკეთის ასაკობრივ გუნდებში თამაშობდა და თუ ის შაბათს მინდორზე ვიხილეთ, ეს მისთვის უნგრეთის ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო მატჩი იქნება.
მიუხედავად გაურკვევლობისა, თანაგუნდელები ოპტიმიზმს ინარჩუნებენ. როლანდ შალაის თქმით, დომინიკი მოედანზე გასასვლელად ყველაფერს აკეთებს და იმედოვნებს, რომ ის შაბათს თამაშს შეძლებს. პარალელურად, ინდივიდუალურად ირჯება პრემიერლიგის კიდევ ერთი ბინადარი, მილოშ კერკეზიც, თუმცა მისი თამაში დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ თითქმის გადაწყვეტილია.
მიხეილ მესხზე გასამართი ეს შეხვედრა ორივე გუნდისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამჟამად ჯგუფს 8 ქულით ჩრდილოეთ ირლანდია ლიდერობს, უნგრეთი 7 ქულით მეორეა, უკრაინა 4 ქულით მესამე პოზიციას იკავებს, საქართველო კი 2 ქულით ბოლო ადგილზეა.