ესპანეთის ნაკრების გულშემატკივრებს შეუძლიათ ამოისუნთქონ - ლუის დე ლა ფუენტემ დაადასტურა, რომ ლამინ იამალი გამოჯანმრთელდა და ინგლისთან გადამწყვეტი მატჩისთვის მზადაა, სადაც ჯგუფის გამარჯვებულის ვინაობა უნდა გაირკვეს.
ჩეხეთთან მოპოვებული რთული გამარჯვების (2:0) შემდეგ, სადაც გოლები ალექს ბაენამ და მარკ პუბილმა გაიტანეს, მთავარმა მწვრთნელმა მედიასთან ისაუბრა. მისი თქმით, იამალი თავს ბევრად უკეთ გრძნობს და ის, მიკელ ოიარსაბალთან ერთად, ნაკრების ბანაკს მალე შეუერთდება. დე ლა ფუენტემ ხაზი გაუსვა, რომ ახალგაზრდა ვარსკვლავს არანაირი განსაკუთრებული პრივილეგია არ აქვს და მისი დაგვიანება მხოლოდ სამედიცინო მიზეზებით იყო განპირობებული. მან უკვე დაადასტურა, რომ ლამინი ინგლისთან მატჩს ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყებს.
მანამდე, მარჯვენა მუხლის მსუბუქი ანთებისა და სითხის დაგროვების გამო, სამედიცინო შტაბმა გადაწყვიტა, რომ იამალის პრაღაში გამგზავრება მიზანშეწონილი არ იყო. მწვრთნელის განცხადებით, ფეხბურთელს ჩეხეთთან თამაში შეეძლო, თუმცა კვირას გასამართი უმნიშვნელოვანესი ჯახის წინ რისკზე წასვლა არ უღირდათ.
რაც შეეხება მიკელ ოიარსაბალს, მისი არყოფნა სპორტულ მიზეზებს არ უკავშირდებოდა. მას გრიპი ჰქონდა და პარალელურად მამა გახდა, რის გამოც გუნდს ვერ დაეხმარა.
ყველა თვალი ახლა კვირას, მადრიდისკენ არის მიმართული, სადაც ესპანეთი და ინგლისი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.
ამ ორი გუნდის დონიდან გამომდინარე, ველოდებით ისეთ თამაშს, როგორიც მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატის ფინალშია. ნებისმიერს შეუძლია მოგება