უნგრეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებებთან გასამართი შეხვედრების წინ საინტერესო ანალიტიკური მასალა გამოქვეყნდა.
ავტორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ისტორიული გადმოსახედიდან უნგრეთი ორივე მეტოქესთან უპირატესობას ფლობს და ნოემბრის სანაკრებო მატჩებს ფავორიტის სტატუსით ხვდება.
თუმცა, სტატიაში ყურადღება გამახვილებულია ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტზე, უნგრეთის ეროვნულ გუნდს თბილისში გამარჯვება არასდროს უზეიმია. მეტიც, შაბათს გასამართი დაპირისპირება მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შედგება, ზუსტად იმ არენაზე, სადაც მათ საქართველოსთან ისტორიაში ერთადერთი მარცხი იწვნიეს.
ამას გარდა, უნგრელები იხსენებენ 70-იანი წლების ბოლოს საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ თბილისის დინამოს სტადიონზე ჩატარებულ მატჩებსაც, საიდანაც ასევე უსიამოვნო მოგონებები აკავშირებთ (1977 წელს წაგება და 1979 წელს ფრე).
რაც შეეხება უშუალოდ საქართველოსთან ურთიერთშეხვედრების ისტორიას, სურათი ასეთია: ჯამში ჩატარებული 3 თამაშიდან 2 უნგრელებმა მოიგეს, 1 კი ჩვენმა ნაკრებმა (ბურთების სხვაობა 6:4 მათ სასარგებლოდ). 2001 წლის ივნისში მათ შინ 4:1 იმარჯვეს, იმავე წლის სექტემბერში ჩვენებმა თბილისში 3:1 დაამარცხეს მეტოქე. ბოლო შეხვედრა კი სულ ცოტა ხნის წინ, მიმდინარე წლის ოქტომბერში გაიმართა და უნგრელთა მინიმალური გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.